ჰასან როუჰანიმ ირანში Telegram-ის დაბლოკვა დაგმო. ირანის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მესენჯერის დაბლოკვის გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობას არ მიუღია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
„არათუ Telegram-ი, არამედ არცერთი სოციალური ქსელის დაბლოკვას ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს“, - განაცხადა ჰასან როუჰანიმ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანში Telegram-ით სარგებლობა აკრძალეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ირანის სასამართლომ მიიღო. როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებდა, ეს ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესით იყო განპირობებული.
გავრცელებული ინფორმაციით, Telegram-ს სავარაუდოდ ადგილობრივი Soroush-ი ჩაანაცვლებს, რასაც მხარს ადგილობრივი რელიგიური პირებიც უჭერენ. ორი კვირის წინ Telegram-ის დაბლოკვა რუსეთშიც დაიწყო. მიზეზი ის გახდა, რომ მესინჯერის ხელმძღვანელობამ უშიშროების სამსახურს ე.წ. „საშიფრი კოდები“ არ გადასცა. Telegram-ი ყირიმში Диалог М-მა ჩაანაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში Telegram-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა.
Telegram-ი ეგრეთ წოდებული კროსპლატფორმული მესენჯერია, რომლითაც მომხმარებლები შეტყობინებებს და სხვადასხვა ფორმატის მედიაფაილებს ცვლიან. მისი მთავარი დამფინანსებელი პაველ დუროვია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment