Tuesday, May 22, 2018

როგორ გადაეცემა აივ ინფექცია და რა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქეებმა


2018 წელს აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30 შემთხვევით მეტია. ინფორმაციას „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი“ ავრცელებს.
როგორც ცენტრში აცხადებენ, საქართველოში რეალურად 11 000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია.
ცენტრის განმარტებით, არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:
დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან;
ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;
ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.
დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა აივ-ინფიცირებულთან:
ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;
დახველებით, ცემინებით;
საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;
საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;
საცურაო აუზით სარგებლობით;
კოღოსა და მწერების ნაკბენით;
აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში;
აივ ინფექციის თავიდან ასაცილებლად პირმა უნდა იცოდეს, რომ მოერიდოს შემთხვევით სქესობრივ კავშირებს ან უკიდურეს შემთხვევაში აუცილებლად ისარგებლონ პრეზერვატივით. როგორც ქალის, ისე მამაკაცის პრეზერვატივი პრევენციის ეფექტური საშუალებაა ისეთი დაავადებისგან დაცვის, როგორიცაა: აივ ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, B და C ჰეპატიტები, გონორეა, სიფილისი. უმკურნალებელ შემთხვევაში სგგი მნიშვნელოვნად ზრდის აივ ინფიცირების რისკს. სგგი-სადრეული დიაგნოსტიკას და მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment