წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კრედიტქულებიდან მოპოვებული აქვს არანაკლებ 13 კრედიტქულა; უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
გარე დაკვირვებაზე პირველი რეგისტრაცია მასწავლებლისთვის უფასოა. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი წარმატებით ვერ გაივლის გარე დაკვირვებას, მეორე და ყოველი შემდგომი რეგისტრაციის გამოცხადებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის საფასური შეადგენს 50 ლარს.
საფასურის დაწესებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა მასწავლებლებში:
“ეს დოკუმენტი ისედაც მცირეხელფასიანი მასწავლებლებისაგან ფულის ამოქაჩვის ახალი საშუალებაა?”
“აქედანღა აკლდათ ფულის შოვნა!”
“რატომ უჭირვებენ მასწავლებლებს ცხოვრებას? რაზე უნდა იფიქროს მასწავლებელმა: მოსწავლეებზე, გაკვეთილის ჩატარებაზე, ოჯახზე, თუ ქულების დაგროვებაზე? ახლა კიდევ ახალი ბარიერი დააწესეს. 13 ქულა თუ არ გაქვს, ვერ რეგისტრირდები. ყველანაირად როგორ ცდილობენ ხელფასები არ მოუმატონ პედაგოგებს. სანამ უნდა გაგრძელდეს პედაგოგების დაცინვა? აივსო მოთმინების ფიალა …”
“აღარც სქემა მინდა და აღარც არაფერი რაა, ყოველ კვირა ახალი ბრძანებებიი. უუფ”
“ამ 50 ლარის გადახდის გამო რამდენ მასწავლებელს არ შეუფასდება გაკვეთილი, დავინახავთ. სულ უარესს აკეთებენ ესენი. მასწავლებლობა აღარ მოგინდება რა”, – წერდნენ მასწავლებლები.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. სამთაწყაროს საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის უფროსი მასწავლებლის რიტა ოთარაშვილისთვის გარე დაკვირვებისთვის 5 გაკვეთილის გეგმის მომზადება ძალიან ბევრია.
„3 მაინც იყოს! ეს გაკვეთილები ხომ მაინც განსაკუთრებული უნდა იყოს. ყოველ გაკვეთილს ხომ თავისებური მომზადება სჭირდება. მით უმეტეს, სოფლის სკოლებში, ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორები გვაქვს. შეიძლება ძალიანაც მინდოდეს გაკვეთილი გავმდიდრო საინტერესო აქტივობებით, მაგრამ ამისთვის კლასის ფართი არ მიწყობს ხელს (დალაგებული მერხები ძლივს ეტევა და მოძრავ აქტივობებზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია), არ გვაქვს კლასებში ელექტროგაყვანილობა, ინტერნეტკავშირი და კიდევ უამრავი სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებია.
„არადა ყველა სკოლისთვის (ქალაქის სკოლებისთვის და სოფლის სკოლებისთვის) მოთხოვნა ერთი და იგივეა. არ იცით, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს გაკვეთილებს არ მოიწონებენ? ამიტომ სოფლის მასწავლებელს, ალბათ, ყოველთვის მოუწევს 50 ლარის გადახდა (25 ლარი მაინც იყოს). მე, მაგალითად, უკვე შიშის გრძნობა დამეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა გარე დაკვირვება გავიარო. უბრალოდ, მინდა წინსვლა მქონდეს, რომ ერთ ადგილზე არ გავჩერდე და არ ჩამოვრჩე თანამედროვეობას. რა თქმა უნდა, მაღალი ხელფასიც მინდა, რადგან, დამიჯერეთ, სოფელში სხვა შემოსავალი არ გვაქვს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს რიტა ოთარაშვილმა ახალი გარე დაკვირვების წესის შეფასებისას.
პროგრამა “ასწავლე საქართველოსთვის” ფიზიკის კონსულტანტ-მასწავლებელი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების სკოლაში ნესტან მიქაძე ძველი დაკვირვების წესსა და ახალს ერთმანეთს ადარებს და ამობს, რომ ახალი ბევრად ჯობია, ვინაიდან ვიდეოგაკვეთილებით გარე დაკვირვების გავლა უფრო რთული იყო.
“გარე დაკვირვებას ძველი სქემის მიხედვით, ძირითადად შემაჯამებელი ხასიათი ჰქონდა და ემსახურებოდა სტატუსის შენარჩუნებას უფროსი მასწავლებლისთვის. ძველი სქემის მიხედვით, გარე დაკვირვება გათვალისწინებული იყო ვიდეოგაკვეთილების საშუალებით. ვიდეოგაკვეთილები, ჩემი აზრით, გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა. მასწავლებელი ვერ იქნება ბოლომდე ბუნებრივი და გულწრფელი, როდესაც მას ვიღაც აკვირდება და თან ამას ვიდეოკამერით იღებს.
“გარე დაკვირვების ახალი წესის მიხედვით დეტალურად არის გაწერილი ყველა პუნქტი, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს დაკვირვების სრულყოფილად წარმართვის პროცესს. გათვალისწინებულია შესაძლო ყველა ნიუანსი თუ კითხვა, რაც დაკვირვების წესის მუშაობის პროცესს შეიძლება მოყვეს. ჩემი აზრით, ამ კუთხით გარე დაკვირვების წესი სრულყოფილია. ასევე ვფიქრობ, უკეთესია, როცა მასწავლებელს არ მოუწევს ვიდეოგაკვეთილის ჩაწერა. ეს სიახლე უფრო მისაღები იქნება პედაგოგებისთვის”, – ამბობს ნესტან მიქაძე.
ფიზიკის მასწავლებელს ახალ წესთან დაკავშირებით კითხვებიც აქვს:
“ახალი წესის მიხედვით, გარე დაკვირვების ჯგუფის ერთ წევრს გავლილი უნდა ჰქონდეს გარე დაკვირვება. მე არ მაქვს ინფორმაცია დღემდე რამდენმა მასწავლებელმა გაიარა წარმატებით გარე დაკვირვება, ამიტომ მებადება კითხვა, ხომ არ გაჭირდება ასეთი პედაგოგების მოძიება და საჭირო სკოლებში დროულად გაგზავნა?
„რაც შეეხება გარე დაკვირვების ეტაპებს, ყველაფერი თანმიმდევრულად არის გაწერილი. გასაგებია, რომ მასწავლებელმა უნდა მოამზადოს 5 გაკვეთილის გეგმა და მხოლოდ ერთი დღით ადრე ეცოდინება დასწრების თარიღი. ვფიქრობ, რამდენიმე დღე რომ იყოს, ეს უფრო მისაღები იქნებოდა. მასწავლებლის გაკვეთილის ხარისხი ორივე შემთხვევაში გამოჩნდება, უბრალოდ პიროვნული სტრესი იქნება ნაკლები. მთლიანობაში, ვფიქრობ, გარე დაკვირვების ახალი წესი მისაღები უნდა იყოს პედაგოგებისთვის”, – აღნიშნა ნესტან მიქაძემ.
განათლების სპეციალისტების გარე დაკვირვების წესის გამოქვეყნებას დადებითად აფასებენ. მათ მიაჩნიათ, რომ მისი არ არსებობა აღარ გახდება დამაბრკოლებელი მიზეზი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებლად.
განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის (EPPM) აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა ამბობს, რომ ამიერიდან გარე და შიდა შეფასება სისტემურად მოხდება და ეს ძალიან კარგია. ვინაიდან მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ეს სისტემა შექმნა, გაკვეთილზე კარგი დაკვირვების სისტემა არ გვაქვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ისაა, პროცესს დავაკვირდეთ და თუ რამე ხარვეზები იქნება, ამის კორექტირება მოვახდინოთ.
„გარე დაკვირვების წესის გამოქვეყნებით იმ მასწავლებლებს, რომლბსაც უფროსის შემდეგ წამყვანის სტატუსი უნდოდათ, ამის საშუალება მიეცათ და ეს კარგია. გარე დაკვირვების გარეშე არ ჰქონდათ ამის საშუალება.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მასწავლებელი რას აკეთებს გაკვეთილზე. ამ მიმართულებით სკოლის ფუნქცია არის მნიშვნელოვანი და განმსაზღვვრელი. ამის ერთ-ერთი საშუალება არის გარე დაკვირვება.
ძველი საგაკვეთილო დაკვირვება ვიდეოგაკვეთილები იყო. ვიდეო დაკვირვების შემთხვევაში მასწავლებელი ერთი გაკვეთილის ჩატარებაზე იყო ორიენტირებული. ახლა გვეძლევა საშუალება, მასწავლებლების საგაკვეთილო გეგმებს გავეცნოთ და ერთ-ერთ გაკვეთილს დავესწროთ“, – ამბობს აფხაზავა.
მისი თქმით, გარე დაკვირვება არ უნდა იყოს დასჯაზე ორიენტირებული, არამედ იყოს კოლეგიალური შეფასება, რომელიც განვითარების წინაპირობა უნდა გახდეს.
„ხაზი მინდა გავუსა იმას, რომ ნებისმიერი შეფასების სისტემა მასწავლებლის პროფესიულად გაზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ რაღაცას თუ ვერ აკეთებ, უნდა დაისაჯო. ასეთი სისტემა უნდა გაუქმდეს და ყველა მასწავლებელმა თვითონ უნდა იცოდეს, რამეს თუ ვერ აკეთებს, პირიქით, ამაზე უფრო ღიად უნდა ისაუბრობს. თვითონ თუ პრობლემის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს, სხვა ვერავინ ვეღარ დაეხმარება. ჩვენ თუ ვნახეთ მასწავლებელი, რომელიც ჯგუფში ვერ მუშაობს, ის კი არ უნდა გავუშვათ, პირიქით, უნდა დავეხმაროთ, რომ ჯგუფში მუშაობა ისწავლოს. ეს უნდა იყოს დამხმარე და არა დასჯის მექანიზმი. რადიკალური გადაცდომები სადაც არის, იმაზე არ მაქვს ლაპარაკი”, – აღნიშნავს აფხაზავა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძეს მიაჩნია, რომ გარე დაკვირვების წესის დამტკიცება უკვე აღარ იქნება საფუძველი მასწავლებელთა მხრიდან აქტივობების განხორციელების შეფერხებისათვის. შესაბამისად, კარგია, რომ ეს დოკუმენტი დამტკიცდა. პროფკავშირის პრეზიდენტი იმ ხარვეზებს გამოჰყოფს, რაც, მისი აზრით, გარე დაკვირვების ახალ წესშია.
„გარე დაკვირვების წესის დოკუმენტის მეექვსე მუხლის თანახმად განსაზღვრულია გაკვეთილის გეგმის წარდგენა. ამავე დროს, გეგმის წარდგენის საკითხი რეგულირდება მეშვიდე მუხლში, რომ მასწავლებელს ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმის ცვლილება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ტერმინს, საპატიო მიზეზს, გარკვეული ბუნდოვანება შემოაქვს ამ აქტში, ვინაიდან შესაძლებელია, ამ ჩანაწერმა გამოიწვოს პედაგოგის უფლებების შელახვა. მასწავლებლის მიერ წარდგენილი არგუმენტები გეგმის ცვლილებასთან დაკავშირებით შესაძლებელია არ იქნას მიღებული და არ ჩაითვალოს საპატიოდ. ეს დამოკიდებული იქნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კეთილ ნებაზე“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში მაია კობახიძე.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი გარე დაკვირვების ახალ წესში არსებულ მოთხოვნაზე, მასწავლებელს გარე დაკვირვების გავლამდე დაგოვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 13 კრედიტ-ქულა, ამბობს, რომ არ უნდა არსებობდეს ამ ტიპის კრიტერიუმი, თუ პედაგოგს სურვილი აქვს, მისი გაკვეთილი შეფასდეს. მისი თქმით, ეს არ არის სამართლიანი და პედაგოგს არ უნდა შევუქმნათ ბარიერი, ვინაიდან 13 კრედიტის დაგროვება იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი თავისით არ გეგმავს განსახორციელებელ აქტივობებს.
მაია კობახიძე გაკვეთილის გეგმების მოდიფიცირებასა და შემფასებელი ჯგუფის წევრების აუცილებელ გადამზადებაზეც საუბრობს.
“სასურველია მასწავლებელთა სახლს მიეცეს რეკომენდაცია, რომ მოთხოვნილი გაკვეთილის გეგმები იყოს სქემატური და არა ასეთი დეტალური. რადგან დეტალური 5 გაკვეთილის გეგმის დაწერა უკავშირდება მძიმე შრომას და შესაძლებელია მასწავლებელს უკვე მცირე ცვლილებები დასჭირდეს გაკვეთილის წარდგენის პროცესამდე.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემფასებელი ჯგუფის მეორე წევრმა აუცილებლად გაიაროს გარკვეული ტრენინგი, ვიდრე ის შეძლებს მასწავლებლის დაკვირვებას. მას დეტალური შეფასების ცოდნა მოეთხოვება და ეს უნდა გააკეთოს პროფესიონალურად. ფასილიტატორს ეს უკვე გავლილი აქვს”, – აღნიშნავს მაია კობახიძე.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი განმეორებით რეგისტრაციასთან დაკავშირებით თანხის დაწესებაზე პედაგოგებს პასუხობს და ამბობს იმასაც, რომ შემფასებელი ჯგუფის წევრების გადამზადება აუცილებლად მოხდება.
“გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით შემდეგი პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას. მასწავლებლემბმა მოუმზადებლად შეიძლება დაიწყონ ატვირთვა. ერთხელ ვცდი, მეორედ ვცდი, მესამედ ვცდი. თანხა იმისთვისაა, რომ მასწავლებლები დაფიქრდნენ, რამდენად მზად არიან ამ პროცესისთვის და გააზრებულად გაიარონ რეგისტრაცია. იმიტომ, რომ ცენტრს გარე დაკვირვების პროცედურები საკმაოდ ძვირი უჯდება. ორი გარე დამკვირვებელი გვყავს ასაყვანი. ისინი მოსამზადებლები არიან. ეს არის საკმაოდ რთული გასაკეთებელი ლოჯისტიკურად და შინაარსობრივად. რა თქმა უნდა, მასწავლებელს საშუალება ექნება უფასოდ გაიაროს გარე დაკვირვება. თუ პირველად ისე გაიარა, რომ მზად არ იყო ამ პროცესებისადმი, მეორედ მოუწევს საკუთარი ჯიბიდან გარკვეული ღირებულების, არა სრულად გარე დაკვირვების საფასურის გადახდა, მხოლოდ მისი ერთ-ერთი ნაწილის გადახდა და ეს არის 50 ლარი”, – აღნიშნა მანანა რატიანმა.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment