Thursday, June 15, 2017

ევროკავშირში დღეიდან როუმინგის გადასახადი უქმდება

როუმინგის გადასახადების გაუქმება ევროკავშირში: ერთობლივი განცხადება ევროკავშირის სამი ინსტიტუტის მიერ

2017 წლის 15 ივნისიდან როუმინგის გადასახადები ევროკავშირში აღარ გავრცელდება. ევროპარლამენტის პრეზიდენტის ანტონიო ტაიანის, მალტის პრემიერ-მინისტრის იოზეფ მუსკატსის (ევროკავშირის საბჭოში მალტის წარმომადგენლობის სახელით) და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის სახელით გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

„ევროკავშირი აახლოვებს ხალხს და ამარტივებს მათ ცხოვრებას. როუმინგის გადასახადების დასასრული ნამდვილი ევროპული წარმატების ისტორიაა.
ამიერიდან, პირებს, რომლებიც იმოგზაურებენ ევროკავშირში, შეეძლებათ ზარის განხორციელება, ტექსტური შეტყობინების გაგზავნა და კავშირის დამყარება თავიანთი მობილური მოწყობილობებით იმავე ფასად, როგორითაც ისინი სამშობლოში სარგებლობენ. როუმინგის გადასახადების გაუქმება ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩვენი ინსტიტუტები მუშაობდნენ ერთობლივად ბაზარზე არსებული ხარვეზების  გასაუმჯობესებლად. ყოველ ჯერზე, როდესაც ევროპის მოქალაქე კვეთდა ევროკავშირის საზღვრებს, იქნებოდა ეს დასვენების, თუ სწავლის მიზნით,  თუნდაც ერთი დღით, მას უწევდა მობილური ტელეფონის სარგებლობისას ნერვიულობა და როუმინგის მაღალი გადასახადზე ფიქრი. როუმინგის გადასახადი უკვე წარსულს ჩაბარდა. ხვალიდან თქვენ შეძლებთ შეინარჩუნოთ სატელეფონო კავშირი ევროკავშირში მოგზაურობისას იმავე ფასად, როგორითაც სამშობლოში სარგებლობთ.
ეს პროცესი უკვე დიდი ხანია გრძელდება და ამაში უამრავი ადამიანი იყო ჩართული. ევროკავშირის ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ევროპის მოქალაქეებმა მიიღეს კონკრეტული დადებითი შედეგი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ევროკავშირმა წერტილი დაუსვა როუმინგის ძალიან მაღალ გადასახადებს და  მათი მადლიერი ვართ,  ვინც აჩვენა კრიზისის დაძლევის გზა და მიაღწია ამ შედეგს.
ამავდროულად, ევროკავშირმა მოახერხა ეპოვა სწორი ბალანსი როუმინგის გადასახადების გაუქმებასა და შიდა მობილური პაკეტების კონკურენტუნარიანად და მიმზიდველად შენარჩუნებას შორის. ოპერატორებს ჰქონდათ ორი წელი როუმინგის გადასახადების გაუქმებისთვის მოსამზადებლად და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ისარგებლებენ შესაძლებლობებით და ახალი წესების საშუალებით მოუტანენ სარგებელს თავიანთ მომხმარებლებს.
როუმინგის გადასახადების გაუქმება გამომდინარეობს ევროკავშირის ციფრული ბაზრის დაფუძნებიდან და არის ჩვენი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი ერთიანი ევროპული ციფრული საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“.

წყარო

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment