თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი მარგველაშვილმა, იმედის დილაში, დრამის ფაკულტეტზე აბიტურენტების მიღების კრიტერიუმზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ადამიანს არ აქვს სმენა და რიტმის შეგრძნება, არ შეიძლება მოხვდეს კონსერვატორიაში, ისევე როგორც, თუ ადამიანი არის სრულიად უსინათლო, ის შეუძლებელია მოხვდეს სამსახიობოზე:
"მაგალითად, შემოდის აბიტურიენტი, რომელსაც უჭირს გადაადგილება, ცოტა უცნაურად მოძრაობს. ბუნებრივია, მიმღებ კომისიას გაუჩნდება კითხვა, რაშია საქმე, ანუ მას აქვს უბრალოდ ტრავმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღო თუ მას აქვს ისეთი ტრავმა, რომელიც შეუძლებელია გამოსწორდეს. ეს ბუნებრივია იმიტომ, რომ მერე ამ ადამიანმა უნდა იცეკვოს, უნდა გაიაროს სამსახიობო ტრენინგი და ა.შ.".
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე მისაღებად, პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება, "აქვს თუ არა აბიტურიენტს გამოუსწორებელი ორგანული დეფექტი, შეუთავსებელი პროფესიულ მოთხოვნებთან".
26 წლის ნუცა გოგალაძე პროექტში ქალები საქართველოდან წერს, რომ მას ბავშვობაში, თამაშის დროს თვალში "შპრიცი" შეერჭო, შედეგად კი 9 წლის ასაკში მთლიანად დაკარგა მხედველობა ცალ თვალში და პროთეზირება გახდა საჭირო.
ნუცა ჰყვება, რომ მან არაერთხელ სცადა თეატრალურ უნივერსიტეტში მოხვედრა, თუმცა ვერცერთ წელს ვერ ჩააბარა. საბოლოოდ, თეატრალურის წინ განცხადება იპოვა, სადაც კრიტერიუმებს შორის "ფიზიკური ნაკლის არსებობაც" იყო აღნიშნული.
რექტორი ამბობს, რომ ეს წესი ყოველთვის არსებობდა უნივერსიტეტში. ნუცას თემა კი "გარკვეული პროექტის ფარგლებში წამოწიეს".
უნივერსიტეტის წესს გამოეხმაურა ომბუდსმენი, რომელმაც On.ge-სთან განაცხადა, რომ აღნიშნული ჩანაწერი შეუთავსებელია პროფესიულ მოთხოვნებთან და არის დისკრიმინაციული.
თეატრალურის რექტორი სახალხო დამცველს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ იგი არანაირ ანალიზს არ ემყარება:
"მისი განცხადება არანაირ ანალიზს არ ემყარება იმას, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი სასწავლო პროცესი და რა საწყისი მონაცემები უნდა გააჩნდეს ადამიანს, ყველაფერთან ერთად, ფიზიკურიც."
on.ge
No comments:
Post a Comment