შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ EDU.ARIS.GE-სათვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2011-დან 2016 წლის ჩათვლით სახელმწიფოს ყველაზე იაფი 2014 წლის გამოცდები დაუჯდა ( 3.915 მილიონი ლარი), ხოლო ყველაზე ძვირი 2016 წლის (4.778 მილიონი ლარი). რაც შეეხება დანარჩენ წლებს, მისაღები გამოცდებისთვის გაწეული ხარჯები ასე გამოიყურება: 2011 წელი- 4.300 მილიონი ლარი; 2012 წელი-4.285 მილიონი ლარი; 2013 წელი – 4 მილიონი ლარი; 2015 წელი – 4.189 მილიონი ლარი.
საერთო ხარჯებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წილი ყოველწლიურად ტესტების ბეჭდვაზე მოდის. 2011 წელს ამისათვის 414 ათასი ლარი დაიხარჯა, 2012 წელს- 485 ათასი, 2013-ში – 533 ათასი, 2014-ში – 547 ათასი, ხოლო 2015 წელს 715 ათასი. 2016 წლიდან კი, მოგეხსენებათ, გამოცდები ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე გადავიდა, რამაც ტესტების ბეჭდვის საჭიროება გააუქმა.
მიუხედავად ამისა, როგორც ხედავთ, სწორედ 2016 წელს მოუწია სახელმწიფოს გამოცდებისათვის ყველაზე დიდი თანხის გაღება- დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით მეტის წინა წლებთან შედარებით. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიმარტეს, ხარჯების გაზრდა ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამ გამოიწვია.
„მართალია ტესტები აღარ დავბეჭდეთ, მაგრამ გამოცდები კომპიუტერებზე რომ ჩაბარებულიყო 21 საგამოცდო ცენტრი დაემატა, სადაც ელექტროენერგიისა და კომპიუტერების ქსელების გაყვანა იყო საჭირო. თუკი გასულ წლებში ხალხს მივლინებაში 20-21 დღით ვუშვებდით, 2016 წელს ერთი თვით მოგვიწია. თებერვლიდან ქსელის ადმინისტრატორები გვყავდა დაქირავებული, რომელთაც ელექტროობა და კომპიუტერების ქსელები გამოჰყავდათ. 21 საგამოცდო ცენტრის დამატებას, ბუნებრივია, მეთვალყურეების დამატებაც მოჰყვა და მათი ხელფასების ხარჯებიც დაგვემატა“,- განუმარტა EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ნანა გაფრინდაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული თანხების გაღების საჭიროება ერთჯერადი იყო და რადგან სამუშაოები უკვე შესრულდა, წელს გაცილებით ნაკლები ფულის დახარჯვა გახდება საჭირო.
ჩვენ დავინტერესდით იმითაც, თუ რამდენი იხარჯებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 2005-დან 2011 წლამდე, მაგრამ როგორც ცენტრში განგვიმარტეს, დროის ამ მონაკვეთში ხარჯები ელექტრონულად არ აღირიცხებოდა და მათთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment