იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელი ბადრაგს გაექცა. უწყება თავის განცხადებაში ფაქტს ადასტურებს.
“მიმდინარე წლის 14 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მოქალაქე დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით.
პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 1992 წელს დაბადებული ბ.კ., რომელიც შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების მიერ გადაყვანილი იქნა შსს-ს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, ბ.კ.-მ გაქცევა და მიმალვა შეძლო. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და იგი იძებნება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო. პოლიციის ზემოხსენებულ სამივე თანამშრომელს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. 2017 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნულ პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო. სასამართლომ მათ ასევე შეუჩერა უფლებამოსილება.
ამავე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პოლიციამ 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ. დააკავა, რომელიც დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს, როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი“, - ნათქვამია განცხადებაში.
14 ივნისს იუმორისტ დათო როსტომაშვილს თავს ზურგიდან ნიღბიანები დაესხნენ და ბეისბოლის ჯოხით სცემეს. შემთხვევა ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე მოხდა. ბოლო მონაცემებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. მეორეზე კი ძებნაა გამოცხადებული.
პოლიციის მიერ დაკავებული ერთ-ერთი თავდამსხმელის გაქცევის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ იმავე დღეს განაცხადა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment