Monday, June 12, 2017

ტაო ჟანგი - წარმოების სიმცირე, მაღალი უმუშევრობა და უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დასაქმების ბაზარზე ძირითადი გამოწვევებია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ტაო ჟანგთან.  


- ბატონო ტაო, მოგესალმებით საქართველოში. ვიცით, რომ ეს თქვენი პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალური ეკონომიკის მიმოხილვის აპრილის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5,2%-დან 3.5 პროცენტამდე შემცირდა. რა არის პროგნოზის ასეთი მნიშვნელოვანი შემცირების მიზეზი? - დიდი მადლობა. ნამდვილად ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა ეს შესაძლებლობა. როგორც აღნიშნეთ, 2017 წლის პროგნოზი მართლაც შევამცირეთ წინა წლის ნოემბერის პროგნოზთან შედარებით. მიუხედვად ამისა, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი იქნება. პროგნოზის შემცირება გამოწვეულია იმით, რომ დეკემბერში მიღებული ბიუჯეტი ნაკლებია, ვიდრე ბიუჯეტის ის ვერსია, რომელიც მანამდე, ნოემბრის პროგნოზისას გვქონდა ნანახი. კარგი ამბავიც გვაქვს. საქართველოს საშუალოვადიანი ზრდა 5.5 პროცენტამდე აიწევს, რასაც ხელს შეუწყობს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელება, სსფ-ს პროგრამის ფონზე. ეს გეგმა მიმართულია ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოგვარებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, აგრეთვე ეკონომიკის დივერსიფიცირების ხელშეწყობაზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის მიღწევას.

- რეგიონის ეკონომიკურ მიმოხილვაში ყურადღება ასევე გამახვილებულია დოლარიზაციის პრობლემაზე რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დოლარიზაციის გამოწვევის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ღონისძიებები ქვეყანაში ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით. თქვენი აზრით, რამდენად გააძლიერებს დედოლარიზაცია ეროვნულ ვალუტას და უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას? - აუცილებლად მიმაჩნია აღვნიშნო, რომ დედოლარიზაცია ხანგრძლივი პროცესია. ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული რისკების გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება ქვეყნის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ლარიზაციის სტრატეგიას, რაც გაზრდის ეკონომიკის მედეგობას სავალუტო გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ. ეს ღონისძიებები წარმატებით იქნა გამოცდილი სხვა ქვეყნებში, სადაც ისინი ეკონომიკის სტაბილურობის ხელშემწყობი პოლიტიკის ფონზე განხორციელდა.

- სსფ-ს ფინანსური მიმოხილვის მიხედვით (2015), საქართველოში მსესხებელთა რაოდენობა დიდია: 680 ყველა 1 000 ადამიანიდან. რას გვირჩევს სსფ: როგორ შევამციროთ ეს მაჩვენებელი? - სესხის აღება შეიძლება სასარგებლო იყოს მსესხებელი ფიზიკური პირისთვის ან ბიზნესისთვის, თუ სესხის დაფარვა კომფორტულად ხდება. მსესხებელთა რაოდენობა, ამ თვალსაზრისით, არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია შეძლებენ თუ არა მსესხებლები ვალის დაფარვას. ეს კი თავის მხრივ, დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად პროდუქტიულად იყენებენ მსესხებლები ნასესხებ თანხებს და რამდენად მკაცრია ბანკის მიერ სესხის გაცემის კრიტერიუმი. ის, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ძლიერია საგარეო შოკების და გაცვლითი კურსის რყევების მიუხედავად, გვაუწყებს, რომ საქართველოში სესხების გაცემა არ გასცდენია უსაფრთხო დონეს.
სამომავლოდ, ფინანსური სტაბილურობის ზრდის მიზნით, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეროვნულმა ბანკმა შემოიღოს სესხის და ღირებულების და ვალისა და ვალის მომსახურების ტვირთის პროპორციები და ლიმიტები, სადაც უპირტესობა ექნება ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს, რაც შეამცირებს მსესხებელთა სავალუტო რისკებს.

- თქვენი აზრით რა ძირითადი გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს ეკონომიკა და როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. რას ურჩევთ საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს? - პირველ რიგში, ნება მომეცით შევაქო საქართველო, რაშიც შექებას იმსახურებს. თქვენს ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეფორმირებული ეკონომიკა აქვს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2014 წლის ბოლოს მომხდარმა ეკონომიკურმა შოკმა საქართველოს ეკონომიკის სუსტი მხარეები დაგვანახა, რამაც ეკონომიკის ზრდა შეამცირა. წარმოების სიმცირე, მაღალი უმუშევრობა და უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დასაქმების ბაზარზე ძირითადი გამოწვევებია. ასეთ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ პოლიტიკით, რომელიც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის დივერსიფიცირებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ფინანსურ სტაბილურობას და მაღალ და მეტად ინკლუზიურ ზრდას.
ეს აუცილებელია საგარეო სესხების შესამცირებლად, შოკების მიმართ მდგრადობის გასაზრდელად და კერძო სექტორის განსავითარებლად.

მარი ჯავახიშვილი

ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment