Tuesday, June 6, 2017

რატომ დატოვა სკოლის სამეურვეო საბჭომ სერიოზული დარღვევების მქონე დირექტორი თანამდებობაზე?

გაათავისუფლებს თუ არა თანამდებობიდან ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს განათლების სამინისტრო, ამ დრომდე უცნობია. სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მედეა გვენეტაძემ სკოლის დირექტორობის თანამდებობა შეინარჩუნა.
საკითხზე დღეს პირველი სკოლის სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობა 12 წევრი მსჯელობდა. საჯარო სკოლის დირექტორს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების სამინისტროდან ბრძანება 4 დღის წინ მიუვიდა.
აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურმა, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში რიგი დარღვევები აღმოაჩინა: სკოლაში, მასწავლებლების მიერ ფასიანი გაკვეთილების ჩატარება, თანამშრომლების სიაში ისეთი პირების დაფიქსირება, რომლებიც ამ სკოლაში რეალურად არ მუშაობდნენ, მასწავლებლებისათვის სახელფასო ანაზღაურების არათანაბარი გადანაწილება, – ეს ის ჩამონათვალია, რის გამოც მედეა გვენეტაძეს განათლების სამინისტროდან, ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ ხელმოწერილი გათავისუფლების ბრძანება გამოეგზავნა.
სამეურვეო საბჭოს წევრები ყვებიან, რომ საბჭომ თითოეულ ბრალდებაზე ისაუბრა, აღმოჩენილი დარღვევების შესახებ სკოლის დირექტორს ინფორმაცია არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ მის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღეს და მედეა გვენეტაძე თანამდებობაზე დატოვეს.
18927187_1600390153329250_2133250650_o„ჩვენ გავეცანით ამ ინფორმაციას დეტალურად. შემდეგ დირექტორმა თვითონ  ბრალდებებთან დაკავშირებით, თავისი არგუმენტები მოიყვანა.  ხარვეზები, რაც იყო,  ქალბატონი მედეა არ უარყოფს.  ეს ბრალდებაში მოყვანილი ფასიანი გაკვეთილები, რომლებიც ტარდებოდა არ იყო იძულებითი ფორმით. ბრალდებაში ეწერა, რომ მოსწავლეების მომზადება იძულებით ხდებოდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს ამზადებდა არის ნინო რუსეიშვილი, რომელიც არის ძალიან დადებითი ადამიანი და ის ფასიან გაკვეთილებს  მხოლოდ სხვა კლასების მოსწავლეებთან ატარებდა და არა საკუთარ მოსწავლეებთან. ასევე  იყო საუბარი თანამშრომლების სიაზე, ასეთიც ფიქსირდებოდა, თუმცა სწორედ მის სასარგებლოდ ვინც საჩივარი მოამზადა. ეს არის დიმიტრი ლაგვილავა, რომელიც 2 თანამდებობაზე იყო იმის გამო, რომ ხელფასი აეღო და ეს ხდებოდა ლაგვილავას თანხმობით“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას პირველი სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი ჯული ნემსაძე.
რაც შეეხება თანამდებობრივი სარგოსა და მასწავლებლებს შორის სახელფასო თანხების გადანაწილების შესახებ ბრალდებას, სამეურვეო საბჭო ამბობს, რომ ეს პედაგოგებთან შეთანხმების საფუძველზე ხდებოდა. საბჭო დარღვევას არ უარყოფს და ამბობს, რომ ეს საკითხი გასწორდა, თუმცა რას გულისხმობს სახელფასო განაწილების გასწორებაში ჯული ნემსაძე ვერ აკონკრეტებს.
მასწავლებელი, რომელიც სკოლაში დამატებით გაკვეთილებს ანაზღაურების სანაცვლოდ ატარებდა, საკუთარი სურვილით სკოლის სასწავლო ნაწილის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა  სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას კვლავ  გააგრძელებს.
ამასთან, სამეურვეო საბჭო ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს ცხელ ხაზზე დაფიქსირებული ზარის ავტორთა ვინაობას, რის საფუძველზეც მოკვლევა დაიწყო. ამბობს, რომ ამ სახელებით პიროვნებები სკოლის მოსწავლეთა მშობლებს შორის არ ეგულებათ.
აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურში აცხადებენ, რომ ცხელ ხაზზე შესული ინფორმაცია ვინაობისა და მისამართის მითითებით ინიშნება, სამსახურს კი მისამართის გადამოწმების ვალდებულება არ აკისრია. ალექსანდრე მჟავანაძის განცხადებით, მთავარია ის, რომ სკოლაში განათლების კანონის დარღვევის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დადასტურდა, შესაბამისად სამინისტრომ დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება სწორედ აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოს  საფუძველზე მიიღო.
„მე სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება არ მინახავს, აქედან გამომდინარე სამეურვეო საბჭოს მსჯელობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სამეურვეო საბჭო ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.  თუ მინისტრის მიერ დავალებული გადაწყვეტილება, რომ ვადამდე  შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, არ შესრულდება, ამის შესახებ სამეურვეო საბჭომ  დასაბუთებული პასუხი უნდა გაუგზავნოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამინისტრო უფლებამოსილია, თუ  გადაწყვეტილება საკმარისი მტკიცებულებებით არ იქნება დასაბუთებული სამეურვეო საბჭოს მიერ, თვითონ განათლების სამინისტრომ შეუწყვიტოს დირექტორს უფლებამოსილება“, – განაცხადა  აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის და ინსპექტირების  სამსახურის უფროსმა ალექსანდრე მჟავანაძემ ჩვენთან საუბარში.
ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის მიმართ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ  პირველ ეტაპზე სამეურვეო საბჭო მსჯელობს, ხოლო საბჭოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განათლების სამინისტრო უფლებამოსილია დირექტორი მაინც გაათავისუფლოს ვადამდე დაკავებული პოზიციიდან. რამდენად მყარად არის არგუმენტირებული სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ფაქტებითა და მტკიცებულებებით, განათლების სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ გახდება ცნობილი.
edu.aris.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment