Tuesday, June 6, 2017

„შეგვიძლია საერთოდაც გავაუქმოთ გამოცდები, რადგან შედეგები არ მოგვეწონა“

„რა გადაბარებაზე ვსაუბრობთ ხალხნო?“- ასე ეხმაურება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის მარიამ ჯაშის ინიციატივას იმის თაობაზე, რომ საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებს ხელახლა გადაბარების შანსი მიეცეთ.
მიმინოშვილი ამას ზედმეტად მიიჩნევს და ამბობს, რომ გამოცდების  ბარიერი ისედაც მინიმალურია და მოსწავლე, რომელიც მას ვერ გადალახავს, ვერც რამდენიმე დღეში დანიშნულ ხელახალ გამოცდაზე გააუმჯობესებს შედეგს.
მაია მიმინოშვილი: მე მგონი ქალბატონმა მარიამმა უბრალოდ მოსაზრება გამოთქვა. მგონი ეს ინიციატივა არ ყოფილა. მზად ვარ ვიმსჯელოთ. დახვეწა ყველაფერს სჭირდება. ოღონდ, რა თქმა უნდა, გააზრებულად. მოკლედ, მე ამას ინიციატივას არ დავარქმევდი.
–ანუ, დიალოგში ჩასართავად მზად ხართ?
მ.მ: რა თქმა უნდა. ეს სისტემა ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაინერგა და სრულიად ლოგიკურია თუ მსჯელობას დავიწყებთ. ჩემი აზრით, პირველ რიგში მიზანი უნდა დავისახოთ, თუ რა გვინდა. მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ და ამის შემდეგ საგამოცდო სისტემის მორგებას არაფერი უნდა. ისევე როგორც ეს 2005 და 2010 წლებში ეროვნული და გამოსაშვები გამოცდების სახით მოხდა.
საერთოდ, განათლების სისტემაში რეფორმის საგამოცდო სისტემის რეფორმით დაწყება სწორად არ მიმაჩნია. საგამოცდო სისტემა არსებულ საგანმანათლებლო სისტემას უნდა ერგებოდეს.და გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად გვჭირდება საგამოცდო სისტემის შემოღება, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიიღებოდეს, რაც ეს საფეხურები ნათლად და მკაფიოდ დალაგდება. კონკრეტული საგამოცდო სისტემა კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. სწორედ ამ მიზნის მიხედვით უნდა აიგოს იგი და არა უბრალოდ სურვილის მიხედვით.
–გაქვთ თუ არა თქვენი შეხედულებები და წინადადებები, თუ როგორ შეიძლება ამ ინიციატივის განხორციელება?
მ.მ: გამოსაშვები გამოცდების შემოღება ჩვენი იდეა არ იყო. მეტიც, მაშინ ვეწინააღმდეგებოდი იმჟამინდელ მინისტრს, რადგან ვფიქრობდი, რომ როდესაც სასკოლო განათლება ამხელა გამოწვევების წინაშე დგას, კიდევ ახალი საგამოცდო სისტემის შემოღება საერთოდ არ იყო გამართლებული. თუმცა, იმჟამინდელმა მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი ორგანიზაცია ვალდებული იყო სისტემა შეეთავაზებინა.
ამ მოცემულობაში, ბარიერს ვერც კი დავარქმევთ იმას, რაც გვაქვს. ბერიერი მინიმალურზე მინიმალურია და ეს გამოცდებიც მინიმალურზე მინიმალურ კომპეტენციას აფასებს. თუ მოსწავლეს ეს კომპეტენცია აქვს, ის ატესტატის ღირსი ხდება. ასე რომ, ეს არსებულ რეალობასა და მოცემულობას ერგება.
საერთოდ, სკოლის ფუნქცია ხომ ისაა, რომ ახალგაზრდა მომავალი ცხოვრებისათვის მოამზადოს და არა უმაღლესში სწავლისათვის. თუკი ზოგადი განათლების საფეხური ამას ემსახურება, შეიძლება მის შემდეგ გვქონდეს მსგავსი სისტემა და ატესტატი აიღოს მოსწავლემ, რომელიც მერე ან სამუშაოდ წავა, ან პროფესიულ სასწავლებელში და ა.შ. ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს გარდა უმაღლეს სასწავლებელში წასვლისა.
სკოლის შემდეგი წლები კი მიზანმიმართულად ახალგაზრდის უმაღლესი სასწავლებლისათვის მომზადება იყოს. ეს რომ გაიმიჯნება, საგამოცდო სისტემაც დაიხვეწება და ძალიან კარგ შედეგსაც მოგვცემს. მე პირადად ნამდვილად მენდომებოდა, რომ სასკოლო განათლების საფეხურზე სისტემა ასე ყოფილიყო აწყობილი.
–ანუ, თქვენ ამბობთ, რომ მეცხრე კლასის შემდეგ იღებდნენ ატესტატს ისინი, ვინც უმაღლესში არ აპირებენ სწავლის გაგრძელებას?
მ.მ: დაახლოებით. არ მაქვს ამბიცია, რომ ამ საქმის ექსპერტი ვარ, ამას თავისი სპეციალისტები სჭირდება. რაც ყველაზე მთავარია, თითოეულ საფეხურს თავისი მკაფიო მიზანი სჭირდება. თუ რას ემსახურება იგი. დაწყებითი საფეხური ხომ ზოგად განათლებას ემსახურება, ეს უდავოა. ზოგადი განათლების საფეხური, ჩემი აზრით, ახალგაზრდის მომავალი ცხოვრებისათვის მომზადებას ემსახურება, სადაც, როგორც მინისტრი ამბობს ხოლმე,ბედნიერი იქნება, საკუთარი თავის რეალიზაციას მოახერხებს. ეს კი მაინცდამაინც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას არ უნდა გულისხმობდეს. თუ ამას მოვახერხებთ, ჩემთვის ზოგადი განათლების მიზნები უკვე ცნობილია.
ამის მერე უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ გვჭირდება თუ არა გამოსაშვები გამოცდები. ამის შემდეგ უკვე ადვილია ჩამოყალიბდეს თუ რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, რას უნდა ამოწმებდეს იგი. დღეს უკვე საკმაო რაოდენობაა ისეთი ახალგაზრდების, რომლებიც უმაღლესში სწავლას არ აგრძელებენ და 12 წელი სკოლაში მხოლოდ ატესტატისთვის არიან. ამაზე ისიც მეტყველებს , რომ წელს 47 ათასი კურსდამთავრებული გვყავს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი 41 ათასი დარეგისტრირდა. მათ რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა უბრალოდ ატესტატი აიღონ და ისევე არ ისწავლონ მაგალითად ფიზიკა, როგორც აბიტურიენტებმა, ეს სამართლიანი იქნებოდა. ასეთი ვნებათაღელვაც არ იქნებოდა. 11 ათასი მოსწავლის ჩაჭრაზე აჟიოტაჟი ახლა რომ ატყდა, ეს ჩემთვის ცოტა უცნაურია.
კვლევები აჩვენებს, რომ მეოთხეკლასელებს, მერვეკლასელებს და კიდევ უფრო მეტად მეცხრეკლასელებს პრობლემები აქვთ და რატომ გვიკვირს, რომ მეთორმეტე კლასელები ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებენ? რატომ ვტეხთ აჟიოტაჟს? განმეორებით გამოცდას რაც შეეხება, პირდაპირ გეტყვით _ მაისის ბოლოს თუ არ იცის მოსწავლემ მათემატიკა, ივნისის შუა რიცხვებში ეცოდინება? მითუმეტეს, რომ მართლაც ელემენტარული, გამრავლების ტაბულისა და მიმატება-გამოკლების ცოდნაა საჭირო. ამ დონეზეც თუ არ იცის, ერთ კვირაში ეცოდინება?
–ქალბატონი მარიამის მიერ ნახსენებ ემოციურობის ფაქტორს გამორიცხავთ?
 მ.მ: ყველა გამოცდა ემოციებთანაა დაკავშირებული. მე რომ მითხრათ ახლა გამოცდაზე უნდა გახვიდეო, ძალიან ავღელდები. ემოციების მართვაც საქმეა, ესეც უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა. როგორ შეიძლება მოსწავლეს, ან აბიტურიენტს მღელვარება სრულიდ მოვუხსნათ?!
გარდა ამისა, მოდით შევხედოთ ვისთვის არის მაისის ბოლოს ატესტატის აღება მნიშვნელოვანი, იმათთვის, ვინც აბიტურიენტია და ატესტატის გარეშე ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ, რომ თუკი ვინმე „კატის“ გამოცდების რომელიმე საგანში იმ მინიმალურ ბარიერს ვერ გადალახავს, იმას ეროვნულ გამოცდებზე არანაირი შანსი არ აქვს. ხოლო იმათთვის კი, ვინც ეროვნულ გამოცდებს არ აბარებენ და მხოლოდ ატესტატი უნდათ, არანაირი პრობლემა არაა მოემზადონ და ცოტა ხნის მერე აიღონ. მათემატიკა მაისში თუ არ იციან, მეორე მაისამდე რაღაცას ისწავლიან.
–ანუ, საერთო ჯამში, თქვენ გადაბარების საჭიროებას ვერ ხედავთ.
მ.მ: რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ. შეგვიძლია საერთოდაც გავუქმოთ გამოცდები, რადგან შედეგები არ მოგვეწონა. ეს თავის დროზე გააკეთა კიდეც შაშკინმა – საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა გააუქმა, რადგან შედეგები არ მოეწონა. ის, რომ გამოცდის გამეორების საშუალება მივცეთ, გაუგებარია. რა რეგისტრაცია დააგვიანდათ? (ჯაშმა განაცხადა,რომ ზოგიერთ მოსწავლეს გამოცდაზე დარეგისტრირება რამდენიმე წუთით დააგვიანდა და ამის გამო გამოეთიშა მას. მისი აზრით, გადაბარების საშუალება ასეთებსაც უნდა მიეცეთ-ავტ.), მეთორმეტეკლასელები რეგისტრაციას არ გადიან, სკოლა არეგისტრირებთ. იმ მოსწავლეებისათვის კი, რომლებიც ან საქართველოში არ იმყოფებიან, გამოცდის დღეს ცუდად გახდნენ, ან სხვა საპატიო მიზეზი აქვთ, ივნისში დამატებითი დღე ისედაც გვაქვს და რაღა გადაბარებაზე ვსაუბრობთ?
edu.aris.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment