ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დავალებით, ახალგორში შეიქმნება კომისია, რომელიც მიტოვებული სახლების იდენტიფიცირებას მოახდენს. საუბარია საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოს მიერ აშენებულ კორპუსებზე.
"ყველა მფლობელს, არ აქვს მნიშვნელობა, ახლა სად ცხოვრობენ, თბილისში, გორში, ცხინვალში თუ ვლადიკავკაზში, შეტყობინება გაუგზავნეთ. პასუხს თუ არ მიიღებთ, გადაწყვეტილება სასამართლოს გზით მიიღეთ. სარჩელს ახალგორის ადმინისტრაცია დაწერს. ეს სახლები სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს და დაურიგდეს მათ, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს. აქედან წასულ ადამიანებს წლობით ვერ დაველოდებით, როდის დაგიბრუნდებიან. მარტივად გადასაწყვეტი საკითხია, საკმაოდ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი", - განმარტავს ანატოლი ბიბილოვი.
ახალგორის ე. წ. ადმინისტრაცია მოწვეული ე. წ. სპეციალისტებისთვის საცხოვრებელ ფართებს ითხოვს.
ე. წ. პრეზიდენტის მეორე დავალება მოსახლეობის სავალდებულო ე. წ. პასპორტიზაციაა. ანატოლი ბიბილოვის განმარტებით, რეგიონში მუდმივად მცხოვრებს ეს ე. წ. დოკუმენტი უნდა ჰქონდეს.
ე. წ. პასპორტის აღება შეუძლია ყველას, ვინც საქართველოს მოქალაქეობაზე უარს განაცხადებს და წერილობით განაცხადს ე. წ. უსაფრთხოების სამსახურში წარადგენს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment