ზაფხულის დადგომასთან ერთად ხალხი ცდილობს, დედაქალაქის ყოველდღიურ, დამღლელ ცხოვრების რიტმს გაექცეს და დასასვენებლად მიდის. ნაწილს ზღვასავით მჩქეფარე, აქტიური ცხოვრება იზიდავს და დასასვენებლად ბათუმსა თუ ქობულეთს სტუმრობს, ნაწილი კი ზღვაზე გარუჯვას გრილ ჰავას, კოცონსა და ჰამაკს ამჯობინებს და დასასვენებლად მთის კურორტებს ირჩევს.
”ფორტუნა” დაინტერესდა, რა დაგიჯდებათ წელს ზღვისა და მთის კურორტებზე დასვენება და როგორც აღმოჩნდა, შარშანდელთან შედარებით ფასების ზრდა არ შეიმჩნევა.
ზღვის კურორტები
ბათუმი დამსვენებლების მისაღებად უკვე მზად არის. ქალაქში სანაპირო ზოლი, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, შეიმჩნევა დამსვენებლების მატებაც, დამსვენებლები, ძირითადად, რუსი და უკრაინელი ტურისტები არიან.
ბათუმში ბინის ფასი ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. სანაპირო ზოლთან ახლოს ერთი ოთახის ქირაობა, საშუალოდ, 30-40 ლარამდე ღირს, ორ და მეტ ოთახს კი 50-100 ლარამდე ფასში იქირავებთ. თუ გსურთ, მთელი დღის განმავლობაში სანაპირო ზოლზე კომფორტულად მოთავსდეთ, შეზლონგის ღირებულება 5 ლარია.
ბათუმში აქტიური დასვენება ძვირი სიამოვნებაა. კვების ობიექტებში კატასტროფულად მაღალი ფასებია. გარდა ამისა, ქალაქში საღამოს საათებში ბარებსა თუ ღამის კლუბებში შესვლაც ძალიან ძვირია. მიუხედავად ამისა, ბათუმი დამსვენებლების რაოდენობას არცერთ ზაფხულს არ უჩივის.
ბათუმში ერთკვირიანი დასვენების ღირებულება, საშუალოდ, 600-დან 800 ლარამდე მერყეობს.
ქობულეთი – ბათუმის მსგავსად, დამსვენებლების რაოდენობის მატება შეიმჩნევა ქობულეთშიც, დამსვენებლები აქაც ძირითადად ტურისტები არიან.
ქობულეთში ბინის ფასები, ბათუმთან შედარებით, იაფია. სანაპირო ზოლთან ერთ ოთახს დღეში 10-15 ლარად იქირავებთ, ორი და მეტი ოთახის ერთდღიანი ღირებულება 30-დან 50 ლარამდე მერყეობს, თუმცა ივლის-აგვისტოში ბინებზე ფასების ზრდას არ გამორიცხავენ.
ქობულეთის სანაპირო ზოლზე შეზლონგის ღირებულება 3-დან 5 ლარამდეა.
ქობულეთში გართობის უამრავი საშუალებაა, ფასები სახარბიელო ნამდვილად არ არის, თუმცა, ბათუმთან შედარებით, ქობულეთში დასვენება შედარებით იაფია, ერთკვირიანი დასვენება, საშუალოდ, 500-დან 700 ლარამდე დაგიჯდებათ.
მთის კურორტები
ზღვის კურორტებისგან განსხვავებით, მთაში დასვენება, შედარებით, იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუ გსურთ ზაფხულის ცხელ დღეებს გაექცეთ, მთის რუჯი მიიღოთ, საღამოს საათებში, ბარებისა და ღამის კლუბების ნაცვლად, მეგობრებთან ერთად კოცონს შემოუსხდეთ და სხვადასხვა თემებზე ისაუბროთ, ამისთვის მთაში დასვენება საუკეთესო საშუალებაა.
„ფორტუნა“ რამდენიმე მთის კურორტი პირობებით დაინტერესდა:
რაჭაში დამსვენებლების რაოდენობის მატება უკვე შეიმჩნევა. რაჭის საოჯახო სასტუმროებში, თითქმის, ყველგან ერთნაირი ფასებია. ერთი დღე-ღამე 15-დან 30-ლარამდე მერყეობს. ზოგიერთი საოჯახო სასტუმროს მომსახურებაში კვებაც შედის, თუმცა ამ შემთხვევაში ფასი 40-დან 50 ლარამდე იზრდება, ზოგიერთი სასტუმრო კი დამსვენებლებს სამზარეულოს უთმობს და საკვების მომზადება დამსვენებლების სურვილზეა დამოკიდებული.
რაჭაში გართობა თანხებთან დაკავშირებული არ არის და ბუნებაში გასეირნება, ულამაზესი ხედების დათვალიერება სრულიად უფასოა. შესაბამისად, რაჭაში ერთკვირიანი დასვენება, საშუალოდ, 250-დან 350 ლარამდე დაგიჯდებათ.
ბახმაროს, რაჭისგან განსხვავებით, დამსვენებლები უფრო მეტად აგვისტო-სექტემბერში სტუმრობენ. ბახმარო ზღვის დონიდან 2050 მეტრზეა, არაჩვეულებრივი ჰაერია და აქ დასვენება, პირველ რიგში, ჯანმრთელობისთვის არის კარგი.
გარემოპირობების შესაბამისად, ბახმაროში დასვენება არც ისე იაფი და ხელმისაწვდომია. ბახმაროს კოტეჯებში ერთი დღე-ღამის გათენება ერთ ადამიანს 20-ლარიდან 40 ლარამდე დაუჯდება. ადგილის საფასურში კვება არ შედის. ბახმაროში ერთკვირიანი დასვენება ერთ ადამიანს, საშუალოდ, 300-დან 400 ლარამდე დაუჯდება.
დასვენება საზღვარგარეთ
თუ დასვენებას და ზაფხულის გატარებას საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაწყვეტთ, ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, მიმართოთ ტურისტულ კომპანიებს. დღეს ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია სხვადასხვა ფასში სთავაზობს მომხმარებლებს საზღვარგარეთ ხელმისაწვდომ ტურებს.
თურქეთის ზღვის კურორტებზე დასვენების ღირებულება განსხვავებულია. ერთკვირიანი ტურის ფასი 300 დოლარიდან იწყება და 600 დოლარამდე იზრდება. ასეთ ტურში შედის ორმხრივ ავიაბილეთი, სასტუმროში განთავსება, სამჯერადი კვება და სამოგზაურო დაზღვევა.
ეგვიპტეში ერთკვირიანი დასვენება შედარებით იაფია. ერთკვირიანი ტურის ღირებულება 200 დოლარიდან იწყება და 400 დოლარამდე იზრდება. ტურში შედის ორმხირივი ავიაბილეთი, სასტუმროში განთავსება, სამჯერადი კვება და სამოგზაურო დაზღვევა.
„ფორტუნა“ ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!
გვანცა ბზიავა
fofrtuna.ge
No comments:
Post a Comment