თბილისის ცენტრალურ უბნებში შენობა-ნაგებობების რიცხვი დასაშვებ ზღვარს აჭარბებს, ყველა ცენტრალურ ქუჩაზე კატასტროფული სიმჭიდროვეა. სპორტის სასახლის უკან მიმდებარე ტერიტორია, დოლიძე, ხილიანი, მცხეთის ქუჩა - ეს იმ ქუჩების ჩამონათვალია, სადაც საცხოვრებელი სახლების რაოდენობა დასაშვებ ნორმას, დიდი ხანია, გადასცდა და პრობლემურ უბანთა ნუსხაში მოწინავე ადგილებს იკავებენ.
წესით, თბილისში 1 ჰექტარზე 397 ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, თუმცა აღიარებული ნორმა კიდევ უფრო დაბალია (300 ადამიანი). ამ დროს ნორმატივზე მაღალი სიმჭიდროვე აღინიშნება თითქმის ყველგან: კოსტავას ქუჩაზე და ბახტრიონზე (800 მოსახლე 1 ჰექტარზე), დიდუბეში (671 მოსახლე 1 ჰა-ზე), ვერაზე (578), ვარკეთილში (549), ქვემო ჩუღურეთში (484), ვაზისუბანსა და მერვე ლეგიონში (457), ვაკესა და ბაგებში (435), ვაჟა-ფშაველას კვარტალებში (425) და დიღმის მასივებში (421).
თბილისის გენერალური გეგმის საპროექტო ჯგუფის თანახელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ზედა ზღვარია 1ჰა-ზე 300 ადამიანი, ეს ნორმა კი ცენტრალურ უბნებში ყველგან დარღვეულია. მისი თქმით, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემო უარესდება და ამ უბნებში, სავარაუდოდ, უძრავი ქონების ფასი მალე შემცირდება.
"მნიშვნელოვანია, რამდენია მოსახლეობის რაოდენობა 1 ჰექტარზე. შეიძლება კონკრეტულ ტერიტორიაზე 2 შენობა იდგეს. ზედა ზღვარია 1 ჰა-ზე 300 ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამდენი ადამიანი უნდა იყოს, რადგან ეს არის უკიდურესი ზღვარი.
საცხოვრებელი არის სამი ტიპის: დაბალი ინტენსივობა - ინდივიდუალური საცხოვრებელი, სადაც არის 3-სართულიანი ან 2-სართულიანი სახლები და იქ უნდა ცხოვრობდეს 70 ადამიანამდე; საშუალო ინტენსივობა - 4-5 სართული (180-200 ადამიანამდე) და მაღალი ინტენსივობა - 5 სართულის ზემოთ (200-250 ადამიანი). რანგირება ხდება ამგვარად, ამის შემდეგ ითვლიან, ამ ადამიანებს რამდენი სკვერი, ბაღი სკოლა ან პარკირების ადგილი სჭირდებათ.
მოსახლეობის რაოდენობით იზომება ტერიტორიების ტევადობა და ხდება საცხოვრებელი სახლების აშენება. კორპუსების სიმრავლე განსაკუთრებით სპორტის სასახლის უკან, დოლიძეზე, მცხეთის ქუჩაზეა, სადაც მდგომარეობა წარმოუდგენლად მძიმეა, ნორმატიულ მაჩვენებელს მკვეთრად აჭარბებს. მათ არ აქვთ ბავშვთა და სპორტული ბაქნები, საპარკინგე ადგილები და გამწვანება, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემო უარესდება და ამ უბნებში, სავარაუდოდ, უძრავი ქონების ფასი მალე დაიკლებს", - აცხადებს ურბანისტი მერაბ ბოლქვაძე.
1000 კვადრატულ მეტრზე, ნორმის მიხედვით, დასაშვები 300 მოსახლეა, თუმცა თბილისის რამდენიმე უბანში ეს მონაცემი დარღვეულია. "სითი ინსტიტუტ საქართველოს" წარმომადგენელმა გოგი აბაშიძემ "რეზონანსთან" აღნიშნა, რომ არსებობს უბნები, სადაც შენობებისა და ხალხის დატევა შესაძლებელია, თუმცა ყველა მასობრივად რამდენიმე უბანს ირჩევს.
"ნორმის მიხედვით, 1000 კვადრატულ მეტრზე დასაშვებია 300 მოსახლე, ამაზე მეტი არ შეიძლება, თუმცა თბილისში ეს მონაცემი სხვადასხვა უბნისათვის სხვადასხვანაირია. ყველაზე გადატვირთული მდგომარეობა, სადაც ყველაზე მეტი სიმჭიდროვეა საცხოვრებელი სახლების მხრივ, ხილიანი-დოლიძისა და სპორტის სასახლის უკან მიმდებარე ქუჩებია. არის უბნები, რომელთაც აქვთ რესურსი, ბევრად მეტი მოსახლე დაიტიონ. ასეთია დიდი დიღომი, სახლები, რომლებიც ამ უბანში იყო დაპროექტებული, მთლიანად არ აშენდა.
მიუხედავად ამისა, ხალხი უმეტესად რამდენიმე უბანს ირჩევს და ყველა მასობრივად იქ სახლდება. რამდენი შენობა უნდა ჩაიდგას 1000 კვ/მ-ზე, ვერავინ განსაზღვრავს, რადგან სხვადასხვა ადგილისთვის განსხვავებული პირობებია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას აბაშიძემ.
დროთა განმავლობაში ცენტრალურ უბნებში ბინების ფასი დაიკლებს, ხოლო გარეუბნებში გაძვირდება - ასეთია არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის დასკვნა. მას მიზეზად ცენტრალურ უბნებში არსებული საცხოვრებელი სახლების სიმჭიდროვე მოჰყავს, რის გამოც ქალაქში პრობლემები მკვეთრად მატულობს.
"ასეთ ქუჩებში შეჩერდება ტრანსპორტი, უბრალოდ, ვეღარ იმოძრავებს, არ ექნებათ ეზო და, საერთოდ, იქ ცხოვრება გახდება შეუძლებელი. იმ ცენტრალურ უბნებში, სადაც დღეს მჭიდრო მშენებლობები მიმდინარეობს და საცხოვრებელი ბინებიც ძვირია, დროთა განმავლობაში ტენდენცია შეიცვლება. მოსახლეობის დიდი ნაწილი ეცდება, გარეუბნებში იყიდოს ბინა და ცენტრი დატოვოს, რაც გარეუბნებში ბინების ფასს გაზრდის და ცენტრალურ უბნებში მკვეთრად გააიაფებს. ეს ყველაფერი კი იმ გადატვირთული უბნების გამო მოხდება, სადაც კორპუსებს შორის მინიმალური ადგილიც კი არ არის დარჩენილი. ეზოში სიმწვანესა და პარკირების ადგილზე არაფერს ვამბობ", - აღნიშნა "რეზონანსთან" გოგი ბათიაშვილმა.
"მენაშენეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ ცენტრალურ უბნებში ხალხისთვის ცუდი საცხოვრებელი პირობებია, რადგან შენობების სიმრავლის გამო სკვერების, გამწვანებისა და პარკირების ადგილი არსად რჩება. ამიტომ დროთა განმავლობაში ცენტრალურ უბნებში უძრავი ქონების ფასი საგრძნობლად შემცირდება.
"ადამიანებისთვის ცუდი საცხოვრებელი გარემო იქმნება თბილისის ბევრ ცენტრალურ უბანში. ბავშვებს ეზო არ ექნებათ, პარკირებისთვის ადგილი აღარ დარჩება და, საერთოდ, ცუდი პერსპექტივა იკვეთება. როგორც ყველგან, ამ სფეროშიც ფასებს არეგულირებს ბაზარი, ერთ დროს პრესტიჟულ და ძვირადღირებულ უბნებში საცხოვრებელი ბინის ფასი შემცირდება. ისეთი ადგილები, სადაც დღეს უძრავი ქონების ფასი საკმაოდ მაღალია, სამომავლოდ იაფფასიან უბნებად გადაიქცევა", - განუცხადა "რეზონანსს" როსტომაშვილმა.
http://www.resonancedaily.com/
No comments:
Post a Comment