ლონდონის პოლიციამ Grenfell Tower-ს ხანძრის მიზეზი დაასახელა. BBC-ის ცნობით, პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი ერთ-ერთ ბინაში მაცივრის აალებამ გამოწვია. სამართალდამცავ უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ სახლის გარეგანი მოპირკეთება, რომელსაც ბევრი ხანძრის მიზეზად მიიჩნევს, არ შეესაბამებოდა სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს.
გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ინგლისში კიდევ რამდენიმე სახლის ფასადი ასეთივე ხანძარსაშიში მასალითაა მოპირკეთებული, როგორც Grenfell Tower.
ამ დარგის ექსპერტები ლონდონის მაღალსართულიანი შენობების უსაფრთხოების ნორმებს შეამოწმებენ. სავარაუდოდ კვირის ბოლოს, ამ შემოწმების შედეგები გახდება ცნობილი.
ბოლო ინფორმაციით, ლონდონის პოლიცია მაღალსართულიან შენობაში მომხდარი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 79 ადამიანს დაღუპულად მიიჩნევს. საქმე ეხება როგორც იმ ადამიანებს, რომელთა ცხედრებიც უკვე აღმოაჩინეს, ასევე იმათ, ვისი პოვნაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
კენსინგტონის უბანში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 14 ივნისს, შუაღამით გაჩნდა. ხანძრის რეალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ინფორმაციით, 1974 წელს აშენებულ Grenfell Tower-ში ხანძრის საწინააღმდეგო სისტემა არ მუშაობდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment