Wednesday, July 19, 2017

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსისთვის აპლიკაციების მიღება დასრულდა

კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. საგანგებოდ კამპანიისათვის შექმნილ ვებ-გვერდზე – www.tprize.ge 745 დაინტერესებული პირი დარეგისტრირდა. მათგან 114-მა მასწავლებელმა შემოიტანა განაცხადი.
პრეტენდენტების საერთო რაოდენობიდან 104 ქალბატონია, ხოლო 10 – მამაკაცი. მათგან საზ. მეცნიერებების მიმართულების მასწავლებელია – 20; უცხოური ენების – 11; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების – 1; სპორტის – 2; მათემატიკის – 8; სახელმწიფო ენების – 23; ესთეტიკური აღზრდის – 1; სხვადასხვა მიმართულებების – 29.
ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ყველაზე მეტი – 37 განაცხადი შემოსულია თბილისიდან. პრეტენდენტების რაოდენობით მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, 17 განაცხადით.
კონკურსის შემდეგ ეტაპზე სპეციალურად მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის შექმნილი ჟიური განიხილავს შემოსულ განაცხადებს და შეარჩევს საუკეთესო ათეულს, ამის შემდეგ კი, პირისპირ ინტერვიუების საფუძველზე შეირჩევა ხუთეული, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“, ასევე, მხარს უჭერენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ლიბერთი ბანკი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
edu.aris.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment