Saturday, July 22, 2017

ისლანდიაში დაკარგული ნიკა ბეგაძის მეზობლები ოჯახის ხელთ არსებული ინფორმაციის შესახებ საუბრობენ

ისლანდიაში დაკარგული ნიკა ბეგაძის მეზობლების თქმით, მომხდარის შესახებ გუშინ შეიტყვეს. მათი ინფორმაციით, ოჯახს ისლანდიიდან ნიკასთან ერთად მყოფი მეგობარი ტელეფონით დაუკავშირდა. შემთხვევა 19 ივლისს მოხდა. სავარაუდოდ, ნიკა ბეგაძე გულფოსის ჩანჩქერზე სათევზაოდ იყო წასული, რადგან ადგილზე მის მანქანასთან ანკესებია ნაპოვნი. ამასთან, ადგილზე ნაპოვნია მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, პასპორტი და სხვა საბუთები. მეზობლები აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი უბედური შემთხვევაა და თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.  
მეზობლების თქმით 22 წლის ახალგაზრდა შარშან, მაისში წავიდა საზღვარგარეთ. გამგზავრების მიზეზი კი, სწავლა და კარიერის აწყობა იყო. ნიკა ბეგაძე პროფესიით პროგრამისტია. თავდაპირველად, ის პოლონეთში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი, ისლანდიაში გადავიდა სადაც მუშაობა დაიწყო.
ნიკა ბეგაძე რუსთავიდანაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩვენი ქვეყნის საელჩო დაკარგულის ოჯახთან კონტაქტზეა.
ისლანდიაში მედია წერს, რომ გულფოსის ჩანჩქერში მესამე დღეა, საქართველოს მოქალაქეს - 22 წლის ნიკა ბეგაძეს ეძებენ. მათივე ცნობით, ბეგაძე ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა. იგი ისლანდიის მთავრობისგან თავშესაფრის მიღებას ელოდებოდა. პოლიცია მოსახლეობას სთხოვს, თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია დაკარგულის შესახებ, ქალაქის სამართალდამცავ ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს.
ნიკა ბეგაძის ცარიელი მანქანა ოთხშაბათს, 19 ივლისს გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც სამძებრო ოპერაცია გრძელდება. მანქანაში ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია აცხადებს, რომ ჩანჩქერში ჩავარდნის შემთხვევაში, გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს.
1tv.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment