Tuesday, July 18, 2017

„არაფრისმომცემი,“ „უსამართლო“, „ზედმეტი“ – მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდის შესახებ

არაფრისმომცემი, უსამართლო, გამოცდა გამოცდისათვის, არასაჭირო – ასეთი იყო პროფესიული უნარების გამოცდიდან გამოსული პედაგოგების აბსოლუტური უმრავლესობის შეფასება. თითოეული მათგანი აღნიშნავდა, რომ გამოცდაზე მხოლოდ კრედიტქულების დაგროვებისა და ხელფასის მომატების მიზნით გამოვიდნენ, რომ პროფესიულად იგი არაფერს აძლევთ და რომ უსამართლობაა პედაგოგი ამ გამოცდის შედეგის მიხედვით ფასდებოდეს.
მეტიც, მათი თქმით, სამინისტრო პედაგოგების კვალიფიკაცის ასამაღლებლად რესურსებსა და ძალისხმევას ტრენინგების ჩატარებაზე უნდა ხარჯავდეს და არა გამოცდაზე, რომელსაც „ყველა ჩააბარებს, ვინც სამ წიგნს დაიზეპირებს“.
ნატო მიქელაძე. კაზრეთი, ბოლნისის რაიონი. ხელოვნების პედაგოგი: „მაინცადამაინც რთული არ იყო, ადრეც დავასრულე. საკითხები ძირითადად ფსიქოლოგების თეორიების ცოდნას მოითხოვდა. იყო კითხვები, სადაც პრაქტიკული ცოდნაც გამომადგა, მაგრამ არა ისეთი, რომ იმას ვერ დაეწერა, ვისაც პრაქტიკა არ აქვს.
„ვფიქრობ, გამოცდა ასეთი ფორმით არაა საჭირო. შეფასების სქემა და კრიტერიუმები სხვანაირი უნდა იყოს. არიან არასერტიფიცირებული კარგი და სერტიფიცირებული ცუდი მასწავლებლები. ამით ვერ განსაზღვრავ. პედაგოგი პრაქტიკული მუშაობისას უნდა შეფასდეს, თუ როგორ ატარებს გაკვეთილს. ბევრად ჯობია ტრენინგები ჩაგვიტარონ ამ თემაზე. ოღონდ ის ადვილად გასაგები და სიახლის შემცველი უნდა იყოს. უნდა აგვიხსნან თუ რა უნდათ ჩვენგან, რა მოგვეთხოვება. ამ შემთხვვაში უფრო  სასარგებლო იქნება.
„არის ტრენინგები რომლებიც არაფრის მომცემია და არის ტრენინგები, როცა ერთი საათი გიწყვეტს ყველაფერს, გაიგებ თუ არა საკითხს.  იქვე უნდა იყოს გათვალისწინებული პრაქტიული მუშაობაც. ეს ბევრად ეფექტური იქნება ვიდრე რაღაც დაიზეპირო, შეხვიდე და გამოცდა დაწერო. ამ გამოცდას ნებისმიერი კარგად ჩააბარებს, ვინც თეორიებს დაიზეპირებს, თუნდაც საერთოდ არ იყოს პედაგოგი. აქ ხშირად მოდიან მოზეპირეები, რომლებიც შედიან და მაღალ ქულებს იღებენ, მაგრამ რეალურად არაფერი იციან.
„აქ ყველა მაინც ანაზღაურების გამო მოდის. მათი მოტივაცია მხოლოდ ხელფასის გაზრდაა. სხვა მხრივ ეს გამოცდა არაფერს გვაძლევს, ახალი არაფერია, პროფესიულად არ გვზრდის. რაც გამოცდამდე ვიყავი, მას შემდეგაც ის ვარ. ახლა მხოლოდ კრედიტქულების დაგროვებაზე ვართ გადართულები და მოსწავლეები ყურადღების მიღმა გვრჩება“.
20182092_1679995562033272_1910773214_o.jpg larisa (1)ლარისა იაკობიშვილი. თბილისის 90-ე საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი: „რთული არაა, თუკი ამ ფსიქოლოგების თეორიებს დაიზეპირებ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემაზე არანაირი ტრენინგი არ გამივლია, თეორიები არ ვიცოდი. რასაც პასუხი გავეცი და რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ ქულებს ავიღებ, პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე გავეცი. წინასწარ ნამდვილად არ მოვმზადებულვარ.
„ის კი, ვინც  ამ თეორიებს დაიზეპირებს, ნამდვილად ადვილად ჩააბარებს, მასწავლებელი რომ არც იყოს. ჩემი აზრით კი, ფსიქოლოგები რას გვასწავლიან იმას კი არ უნდა ეკითხებოდნენ მასწავლებელს, არამედ იმას, თავად როგორ უდგება ბავშვს, რა მეთოდები აქვს შემუშავებული. შეიძლება მე ისეთი მეთოდი მაქვს შემუშავებული, რომელიც სულ არ ეკუთვნოდეს რომელიმე ფსიქოლოგს. თუმცა, პრაქტიკამ მაჩვენა, რომ ეს ეფექტურია. თითოეულ ბავშვს თავისი გასაღები სჭირდება. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც გასაღებს ვერ მოარგებ. ვიცი ისეთი მასწავლებლები, რომლემაც ეს წიგნები კარგად დაიზეპირეს, მაგრამ შედეგზე ვერ გადიან, გაკვეთილებს ვერ ატარებენ, მათ კლასში ქაოსია. ბევრს აღარაფერი ახსოვს ამ ნასწავლიდან, მხოლოდ გამოცდისთვის დაიზეპირეს და გამოცდის შემდეგ აღარც გამოუყენებიათ. ამავდროულად ვიცი პედაგოგები, რომლებსაც არ გაუვლითა ეს გამოცდა, მაგრამ არაჩვეულებრივი შედეგები აქვთ.
„ყველზე ეფექტური ტრენინგები მგონია. გამოცდით არ უნდა წყდებოდეს დანამატის საკითხი. დარწმუნებული იყავით, ამ გამოცდაზე ყველა მხოლოდ დანამატისთვის გამოდის. სხვას არაფერს იძლევა, პროფესიულად ვერ ანვითარებს. ამაში ჩემ მიერ ზემოთნახსენები მასწავლებლების მაგალითი მარწმუნებს.“
ლიზა ტყემალაძე (რუსული ენის პედაგოგი): „მარტივი ნამდვილად არ იყო, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. შემოსახაზი დავალებები უფრო გამირთულდა. იქ კი, სადაც პოზიცია იყო დასაფიქსირებელი, მეტი ფიქრია საჭირო. ვერ ვიტყვი რამდენად სწორად დავწერე, მაგრამ ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე. დროც საკმაოდ დამრჩა. ერთ დავალებაზე 5-6 წინადადებით რომ შემოიფარგლო, საკმარისია. უაზრობების წერას ჯობია არგუმენტირებული პასუხები გასცე.
„ზოგადად, მასწავლებლის გამოცდა ცოტა უცნაური მგონია. საგნის გამოცდა კიბატონო, მაგრამ მასწავლებლის უნარ-ჩვევების გამოცდა ცოტა ზედმეტია. ბავშვები ხომ არ ვართ, სწავლა გავლილი გვაქვს. უნარების კომპეტენციის დადასტურება არასაჭიროდ მიმაჩნია.“
ინფორმატიკის პედაგოგი:“ ჩვეულებრივი სირთულის იყო, არაფერი განსაკუთრებული. ზოგადად, გამოცდა აუცილებელია. რა არის იცით, პროფესიული უნარები ყველამ უნდა განავითაროს და მასწავლებელმა მითუმეტეს. მე პირადად 34 წლიანი სტაჟი მაქვს, მაგრამ მაინც აუცილებლად მიმაჩნია. საკითხებიც საინტერესო იყო – შესაბამისობა აქტუალობასთან, დაგეგმვასთან. უნდა გვემსჯელა თუ როგორ განსაზღვროს მასწავლებელმა მიდგომები და რა დროს რა უნდა გააკეთოს. ჩემი აზრი თავისუფლად დავაფიქსირე.“
ნინო შეყლაშვილი. თბილისის პირველი ექპერიმენტული სკოლის ისტორიის პედაგოგი: „ნორმალური იყო. არც მაინცადამაინც რთული. თეორიის ცოდნას მოითხოვდა, პრაქტიკასაც. გააჩნია როგორ გასწორდება, ვნახოთ. მე თუ მკითხავთ, ეს ტრენინგების სახით რომ იყოს, უკეთესი იქნება. საგამოცდო ფორმატი არ მიმაჩნია სწორად.  ტრენინგებზე ჯობია ამ თეორიების განხილვა.
„ვინც მართლა პედაგოგია, იმისთვის ეს გამოცდა შეურაცმყოფელია, რადგან გაკვეთილზე ვერ შეხვალ, თუ ეს ყველაფერი არ იცი. ვერც შედეგზე გახვალ, რაზეც ორიენტირებულები ვართ. დამწყებისათვის კი კარგია, მან უნდა გაიაროს.“
თეა ბუზარიაშვილი. ხელოვნების პედაგოგი:  „მე თუ მკითხავთ, ძალიან ბევრი რამ გამოცდილებაზეა დამოკიდებული. წეღან ერთი მასწავლებელი ამბობდა-ამ გამოცდას კი არ უნდა გვიტარებდნენ, უნდა შემოდიოდნენ და გაკვეთილებს ესწრებოდნენო. დაგეგმილად კი არა, მოულოდნელად და ნახონ რას აკეთებს მასწავლებელი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სკოლებში ბევრი არაპროფესიონალია. მე ხელოვნების პედაგოგი გახლავართ და ბევრი ვიცი ისეთი, ვისაც ელემენტარული ხაზის გავლებაც კი არ შეუძლია. ასე რომ, შეურაცხმყოფელად არ მიმაჩნია გამოცდა. სწავლა ყოველთვის კარგია.
„საერთოდ კი, მასწავლებლებს უფრო მეტი ყურადღება უნდა გვექცეოდეს. თუნდაც ხელფასის მხრივ. მართლა ბევრია ისეთი, მთელი ცხოვრება ამ საქმისთვის რომ აქვს მიძღვნილი. მოსაზრება, თითქოს მერე მხოლოდ ხელფასის გამო გახდებიან მასწავლებლები, მცდარია. მხოლოდ ფულის გამო სკოლაში არავინ იმუშავებს, ბავშვები თუ არ უყვარს. რამდენიც არ უნდა იყოს ხელფასი, შენი პროფესია თუ არ გიყვარს, ვერ გააკეთებ. უბრალოდ, მინიმალურ ხელფასზე რომ აღარ იმუშავებ, მეტი მოტივაცია გექნება. საკმარისი ხელფასი რომ მქონდეს აღარ მომიწევდა ვიღაცეებს შეკვეთები დავუხატო და გობელენები გავაკეთო, მხოლოდ მოსწავლეებზე ვიქნებოდი ორიენტირებული. ეს ხომ უფრო უკეთესი იქნება?
„ხელფასი არაა მოთხოვნების შესაბამისი. მასწავლებელი იმაზე მეტს წვალობს, ვიდრე ანაზღაურება აქვს. მეტი მოტივაციისათვის მეტი დაფასებაა საჭირო. თუ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე, ალბათ კიდევ გამოვალ გამოცდაზე. კარგია, რომ გამოცდილებას ვიძენ. რომც ვერ ჩავაბარო, სამომავლოდ მეცოდინება რა და როგორაა.“
ქეთევან ცეცხლაძე. თბილისის მე-20 საჯარო სკოლოს ქიმიის პედაგოგი: “არც ისე რთული იყო. ღია კითხვებიც იყო და დახურულიც. წინა წლების გამოცდისაგან განსხვავდებოდა. მე მაშინაც გავედი და ახლა საკმაოდ შეცვლილი დამხვდა. არადა მომზადებისას ყურადღება იმ მიმართულებით მქონდა გამახვილებული, რაზეც ადრე მოდიოდა ხოლმე კითხვები. ახლა ის საკითხები საერთოდ ამოუღიათ და შემხვდა საკითხები, რომლებიც წინათ საერთოდ არ იყო შეტანილი.
„მე დიდი ხანია მასწავლებელი ვარ, უკვე 20 წელი ხდება და ვფიქრობ, რომ ჯობდა ყურადღება პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაზე მახვილდებოდეს. ასევე, ჯობია ტრენინგები იყოს  და არა  ეს გამოცდა. იგი არ იძლევა იმ ცოდნის გამოვლენის საშუალებას, რაც პედაგოგს აქვს და სჭირდება. არ მიმაჩნია სამართლიანად, რომ კრედიტქულების მატება და ხელფასის ზრდა ამაზეა დამოკიდებული.
„ტრენინგებზე რომ ვფასდებოდეთ, სადაც ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების საშუალება გვექნებოდა, უკეთესი იქნებოდა. მასწავლებლის სახლი კი ატარებს ტრენინგებს, მაგრამ ისეთს არა, რომ რამეს იძლეოდეს. უფრო სხვანაირი უნდა იყოს, რაღაცას უნდა გიტოვებდეს და არ უნდა იყოს ტრენინგი ტრენინგისათვის. მხოლოდ იმიტომ არ უნდა ტარდებოდეს, რომ ვიღაცამ მის ჩატარებაში ხელფასი აიღო.“
შეგახსენებთ, რომ პროფესიული უნარების გამოცდა 2012 წლის შემდეგ  წელს პირველად ჩატარდა. მისი აღდგენა განათლების დღევანდელი მინისტრის გადაწყვეტილებით მოხდა და ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია ის ჩაბარებული ჰქონდეს. აღნიშნულ გამოცდაზე დაახლოებით 13 000 პედაგოგი და მსურველი  იყო დარეგისტრირებული. გამოცდა ორ ნაწილად ტარდება. 6 500-ზე მეტი აპლიკანტი მასზე დღეს უნდა გასულიყო, თუმცა მათგან მხოლოდ 67 % გამოცხადდა. დარჩენილი ნაწილს კი საგამოცდო ცენტრებში ხვალ ელიან.
edu.aris.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment