Wednesday, July 19, 2017

რაც უფრო მაღალია ოჯახის შემოსავალი, მით უფრო მაღალია მოსწავლის შედეგი – სახელმწიფო შეფასება მათემატიკაში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ანალიზით, მათემატიკაში კერძო რეპეტიტორთან სოფლად მცხოვრები მოსწავლეთა 15% ემზადება, ხოლო ქალაქებში – 35%.
სახელმწიფო შეფასების დოკუმენტის ავტორებმა მოსწავლეთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეისწავლეს და მოსწავლეთა მიღწევებთან შესაბამისობა გაზომეს.
რაც უფრო მაღალია ოჯახის შემოსავალი, მით უფრო მაღალია მოსწავლის შედეგი. მოსწავლეებს, რომელთა ოჯახის თვიური შემოსავალი 300 ლარზე ნაკლებია, მათემატიკაში საშუალოდ 485 ქულა აქვთ, ხოლო იმ მოსწავლეებს, რომელთა ოჯახის შემოსავალი თვეში 2 000 ლარზე მეტია – 546 ქულა აქვთ. კერძო რეპეტიტორთან კი დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების შვილებიც  ემზადებიან, თუმცა გაცილებით ნაკლები, ვიდრე წარმატებულ ოჯახებში.

ოჯახის შემოსავალი                         მათემატიკაში რეპეტიტორთან ემზადებიან
300 ლარამდე                                                                 15%
301-600 ლარამდე                                                          22%
600-900 ლარამდე                                                           34%
900-1200 ლარამდე                                                         42%
1200- 1500 ლარამდე                                                      43%
1500-2000 ლარამდე                                                       46%
2 000 ლარი და მეტი                                                       53 %


„რაც შეეხება მიზეზებს, რომელთა გამოც მოსწავლეები მათემატიკაში ემზადებიან, მშობლების უმრავლესობა ამბობს, რომ მათი შვილები საკმარისად კარგად ვერ სწავლობენ და სასკოლო პროგრამის უკეთ დაძლევის მიზნით ამზადებენ მათემატიკაში (75%). ასევე, მშობლების 64 % აღნიშნავს, რომ მათი შვილი რეპეტიტორთან მომზადების გარეშე უმაღლეს სასწავლებელში მათემატიკის გამოცდას ვერ ჩააბარებს. მშობლების 63% ეთანხმება დებულებას, რომ რეპეტიტორთან მომზადების მიზეზი სასკოლო სახელმძღვანელოების სირთულეა. 49% კი დებულებას, რომ „დამატებითი მომზადების გარეშე წარმოუდგენელია სკოლაში წარმატების მიღწევა“. მშობლების მესამედის თქმით, რეპეტიტორთან მომზადების მიზეზი კერძო მასწავლებლის უფრო მაღალი კვალიფიკაციაა. მეოთხედი კი ამბობს, რომ სკოლა სათანადო ცოდნას ვერ აძლევს მის შვილს (27%) და სკოლაში დაბალია მათემატიკის სწავლების დონე (24%), 18% კი მიიჩვენს, რომ „ყველა ემზადება და არ უნდა მისი შვილი ჩამორჩეს“, – ვკითხულობთ სახელმწიფო შეფასების დოკუმენტში.
ამავე კვლევის მიხედვით, მოსწავლის შედეგი მშობლის განათლების კვალდაკვალ  იზრდება.  რაც უფრო მაღალია დედის ან მამის განათლება, მით უფრო მაღალია მოსწავლის შედეგი. თუ უმაღლესი განათლების მქონე მშობლების შვილების შედეგებს შევადარებთ უმაღლესი განათლების არმქონე მშობლების შვილების შედეგებს, მათ შორის 49-ქულიანი განსხვავებაა განათლებული ოჯახების სასარგებლოდ.
მნიშვნელოვანი განსხვავება დაფიქსირდა მშობლების საქმიანობის სფეროების მიხედვით. მოსწავლეები, რომელთა ორივე მშობელი არის მენეჯერი ან თანამდებობის პირი, პროფესიონალი, ტექნიკური ან დამხმარე პროფესიული პერსონალი ან მოხელე, საშუალოდ 40 ქულით მაღალ შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ის მოსწავლეები, რომელთა მშობლები სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი, მაგალითად, არიან მომსახურების ან ვაჭრობის სფეროს მუშაკები, ხელოსნები, მცირე ბიზნესის მფლობელები, სოფლის მეურნეობის მუშაკები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზემოთ აღნიშნული ასპექტები იმიტომ შეისწავლა, რომ გაეგო, როგორ ახერხებს სკოლა მოცემული სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრას. კვლევამ აჩვენა, რომ საგანმანათლებლო სისტემა ოჯახის ფაქტორით გამოწვეული ამ სასტარტო უთანასწორობის კომპენსირებას სკოლაში ცდილობს, თუმცა ცალკეულ რგოლებში უთანასწორობა მაინც იგრძნობა.
„სასკოლო რესურსების განაწილება აჩვენებს, რომ ხელმოკლე და სოფლად მცხოვრები მოსწავლეების სკოლები შედარებით მეტ დაფინანსებას იღებენ ერთ მოსწავლეზე და უფრო მაღალია კომპიუტერი/მოსწავლის შეფარდება. თუმცა განსხვავებული ვითარებაა სკოლაში სერტიფიცირებული მასწავლებლების წილის თვალსაზრისით. როგორც ზოგადად სერტიფიცირებული, ისე მათემატიკაში სერტიფიცირებული მასწავლებლების წილი უფრო მაღალია ქალაქის იმ სკოლებში, რომლებშიც მაღალი სოციალური და ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეები სწავლობენ. მსგავსი ვითარებაა სკოლის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის თვალსაზრისითაც: შედარებით დაბალი სოციო-ეკონომიკური მახასიათებლების მქონე მოსწავლეებით დაკომპლექებულ სკოლებში დირექტორები უფრო მეტად განიცდიან სკოლის ინფრასტრუქტურის (შენობა, კომპიუტერებისა და ინტერნეტის ხარისხი) არასახარბიელო მდგომარეობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
edu.aris.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment