საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავმჯდომარესა და 8 მოსამართლეზე, 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯამში, 312 532 ლარის პრემია-დანამატი გასცა. აქედან, ყველაზე დიდი – 27 350 ლარის ოდენობის პრემია მარტში გაიცა.
შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოითხოვა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
როგორც სასამართლოდან გამოგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, მოსამართლეებმა, ჯამში, 494 100 ლარის თანამდებობრივი სარგო, 90 150 ლარის პრემია და 222 382,50 ლარის დანამატი მიიღეს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში, სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს, თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და დანამატის სახით, ჯამში, 100 365 ლარი აქვს აღებული. აქედან, თავაძემ პრემია მხოლოდ ორჯერ, თებერვალსა და მარტში – 7 000 ლარისა და 3 500 ლარის ოდენობით მიიღო. რაც შეეხება დანამატს, ის, ყოველთვიურად 2 985 ლარს იღებს. მისი ყოველთვიური ხელფასი კი 7 000 ლარია.
რაც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ლალი ფაფიაშვილსა და თეიმურაზ ტუღუშს, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ფაფიაშვილს ჯამში 91 665 ლარის თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი აქვს მიღებული. აქედან პრემია – 9450 ლარია, ხოლო დანამატი ჯამში – 25 515 ლარი.
ფაფიაშვილზე მეტი პრემია აქვს მიღებული სასამართლოს თავმჯდომარის მეორე მოადგილეს, თეიმურაზ ტუღუშს. მან ჯამში 97 965 ლარის თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი მიიღო. ამ პერიოდის განმავლობაში ტუღუშს სამჯერ აქვს მიღებული პრემია, აქედან თებერვალსა და აგვისტოში ხელფასის ოდენობით – 6300 –6300 ლარის სახით და მარტში – 3150 ლარის ოდენობით, რაც ჯამში 15 750 ლარია. ხოლო დანამატის სახით ტუღუშის მიერ ჯამში მიღებული შემოსავალი 25 515 ლარს შეადგენს.
სასამართლოს მდივანს, მერაბ ტურავას, 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯამში, 91 665 ლარის თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი აქვს მიღებული. აქედან, პრემია – 9 450 ლარია (მარტში – 3150 ლარი, აპრილში –6300 ლარი), ხოლო დანამატის სახით, ჯამში მან 25 515 ლარი მიიღო.
გარდა ამისა, პრემია დანამატები აღებული აქვთ სხვა მოსამართლეებსაც. კერძოდ, გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინა იმერლიშვილს, მაია კოპალეიშვილს, მანანა კობახიძესა და თამაზ ცაბუტაშვილს პრემია ორ-ორჯერ აქვთ მიღებული. ყველა მოსამართლეს ჯამში პრემიის სახით 9000 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით, თითოს, ჯამში – 24 615 ლარი.
უნდა აღინიშნოს, რომ მანანა კობახიძეს, რომელიც სასამართლოს თებერვლიდან შეუერთდა, თანამდებობრივი სარგოს სახით, ჯამში 45 000 ლარი აქვს მიღებული, ხოლო სახელფასო დანამატი, ჯამში – 20 512 ლარის ოდენობით.
ცნობისთვის, სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7000 ლარია, ყოველთვიური დანამატი კი – 2 985 ლარი.
სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები ყოველთვიურად ხელფასის სახით 6 300 ლარს იღებენ, ხოლო დანამატს – 2 835 ლარის ოდენობით. ამდენივე თანხას იღებს სასამართლოს მდივანიც. რაც შეეხებათ მოსამართლეებს, მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 000 ლარია, ხოლო დანამატი 2 735 ლარი.
„ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იანვარსა და სექტემბერში არც ერთ მოსამართლეს პრემია არ აუღია.
ipn.ge
No comments:
Post a Comment