განათლების სამინისტრო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების გაზრდას და ბარიერის აწევას გეგმავს.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა.
მისი თქმით, ფაკულტეტების რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდება, თუმცა მასზე მოხვედრა გართულდება.
„წლევანდელ შემადგენლობაში რაოდენობა არ შემცირებულა და არც შემცირდება, პირიქით, გაიზრდება, მაგრამ ბარიერი აიწევს. ანუ ჩვენ ვაპირებთ, რომ უფასო ფაკულტეტებზე სწავლას უკეთ სწავლა სჭირდებოდეს. უფრო მაღალი ხარისხის ვიდრე ფასიან ფაკულტეტებზე. ბარიერი ყველა უფასო ფაკულტეტზე აიწევს, თუმცა ერთნაირად არა. ჩვენი ინტერესია, რომ თუკი დღეს 21 უფასო ფაკულტეტია – 42 გახდეს. მაგრამ ისინი ცუდი სტუდენტების თავშესაფარი აღარ იყოს. პირიქით, ამ სტატუსის შენარჩუნებას უფრო მაღალი შედეგიანობა უნდა სჭირდებოდეს, რადგან ჩვენ რამენაირი ფიზიკოსები და აგრონომები კიარა, მაგარი ფიზიკოსები და აგრონომები გვჭირდება“, – განაცხადა მინისტრმა.
ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენით აიწევს ბარიერი, მინისტრმა გვითხრა, რომ ეს ჯერ უცნობია, მაგრამ ის ფაქტი, რომ უფასო ფაკულტეტებზე შედეგიანობის უფრო დაბალი ხარისხია ვიდრე ფასიანზე, ეს უნდა შეიცვალოს.
თუმცა მინისტრისთვის მიუღებელია ფაკულტეტების კვოტირება და ის, რომ გარკვეულ ფაკულტეტებზე სტუდენტთა მიღება შეიზღუდოს.
„ჩვენი სტილი არაა, რომ რამე ავკრძალოთ, უბრალოდ დაფინანსებით უნდა ვიმუშაოთ. ანუ, თუკი მაგალითად მეტი პედაგოგი გვჭირდება, პედაგოგიურ ფაკულტეტებზე მეტი სტიპენდიები და გრანტები უნდა გავცეთ, ვიდრე მაგალითად იურისტებზე. ვისაც თავისი ხარჯებით უნდა განათლების მიღება, ამას, რა თქმა უნდა, ვერ ავუკრძალავთ. აქ მარკეტინგით უნდა ვიმუშავოთ, რათა ეს ხალხი მიხვდეს, რომ დაუსაქმებლობისკენ მიმავალი გზის ინვესტირება კარგი არ არის. მაგალითად საერთაშორისო ურთიერთობებზე წელიწადში 3 ათას ადამიანს ვაწარმოებთ, სამუშაო ადგილი კი მაქსიმუმ სამასია. ანუ გარანტირებულად ვიცით, რომ 2700 მათგანი პროფესიით ვერ იმუშავებს“ -, განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რაც შეეხება 2017 წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ე.წ უფასო ფაკულტეტების გამოქვეყნების ვადებს, თარიღი ჯერ ისევ უცნობია და არ დადგენილა.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment