ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებისკენ მოუწოდებს. ეს მოწოდება კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშში წერია, რომელიც თურქეთს შეეხება. ინფორმაციას eureporter ავრცელებს.
"ევროკავშირსა და თურქეთს შორის ახლო ურთიერთობები ორივე მხარის ინტერესებშია, მაგრამ ამის რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ადამიანის უფლებებს, ფუნდამენტური თავისუფლების პრინციპების პატივისცემასა და დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. როდესაც 1999 წელს თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ის ამ მოთხოვნებს დათანხმდა. მაგრამ ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა, რომლის კულმინაციაც თურქეთში გამართული საკონსტიტუციო რეფერენდუმი იყო, აჩვენა, რომ ევროკავშირს თურქეთთან მომავალი არ აქვს. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეაჩერონ თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები", - წერია ანგარიშში.
თურქეთში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი 16 აპრილს გაიმართა. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,18 %-მა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 48,82 %-მა მისცა. რეფერენდუმში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.
ფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსილება.
ერდოღანი ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმზე გატანას პარლამენტმა კენჭი 2017 წლის 20 იანვარს უყარა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment