Tuesday, June 6, 2017

მასწავლებლების სკოლამდე ტრანსპორტით მომსახურების სახსრები ან იდეა არ გაგვაჩნია – ჯეჯელავა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მასწავლებლებისთვის სასკოლო ავტობუსებით მგზავრობის აკრძალვას აფასებს და ამბობს, რომ  სასკოლო ავტობუსებით მგზავრობა მასწავლებლებისთვის არც აქამდე ყოფილა ნებადართული.
ამის შესახებ მინისტრმა EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად განაცხადა.
„ჩვენ მასწავლებლების ტრანსპორტით მომსახურების პროგრამა საერთოდ არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ მოსწავლეების. თუკი პედაგოგი ჩასვა მძღოლმა და მერე დახვდნენ ბავშვები, უნდა გადმოსვას პედაგოგი, სადღაც დატოვოს და ბავშვები ჩასვას, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა, თუმცა მოგეხსენებათ ეს ტექნიკურად შეუძლებელია. შეიძლება ამ წუთას იყოს 3 თავისუფალი ადგილი, ჩავსვით მასწავლებელი, გავიარეთ ერთი კილომეტრი და დაგვხვდა 3 ბავშვი – რას ვაკეთებთ ამ მომენტში?! ამაზე უნდა გავცეთ პასუხი“, – განაცხადა მინისტრმა.
ჩვენ მინისტრს ვკითხეთ, როგორ უნდა მოიქცნენ პედაგოგები, ვინც სკოლამდე ტყის გავლით მიდის, არსებობს თუ არა სამინისტროში რაიმე გეგმა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით რეგიონებისთვის.
მინისტრმა განმარტა, რომ მასწავლებლების ტრანსპორტირების პროგრამის სახსრები ამ ეტაპზე სახელმწიფოს არ გააჩნია და შესაბამისად, არც რაიმე იდეა აქვს ამასთან დაკავშირებით.
დროის სიმცირის გამო, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება მინისტრს ჩავკითხოდით არის თუ არა ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ სასკოლო ავტობუსების მძღოლებს სახელფასო ანაზღაურება, მათივე ინფორმაციით, თვეობით უგვიანდებათ. მძღოლებს კი ის კომპანიები ქირაობენ, ვისთანაც სამინისტროს ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნულზე გვიპასუხეს, რომ თვეობით დაგვიანება სიმართლეს არ შეესაბამება და მაქსიმალური გადაცილება, ისიც საორგანიზაციო საკითხების მიზეზით მხოლოდ 2 კვირა შეიძლება იყოს.
„თვეობით არ გაცემა წარმოუდგენელია. ასეთი რამ ჩვენი მონიტორინგის სამსახურს არ დაუფიქსირებია. კომპანია აწარმოებს სამუშაოების შესრულების სპეციალურ ტაბელს, რომლის შედარებაც კეთდება ყოველთვიურად და ამის საფუძველზე ერიცხება კომპანიას ჩვენგან თანხები. თავად ტაბელის ტრანსპორტირებასაც დრო სჭირდება რეგიონებიდან და შესაძლებელია ამანაც განაპირობოს მინიმალური დაგვიანება. იყო შემთხვევა, როცა ერთი თვის ანაზღაურება ორ ნაწილად გაიყო, თუმცა 2-3 თვე დაგვიანება არ ყოფილა. სამინისტროს რეგიონების რესურსცენტრებში ჰყავს თავისი წარმომადგენელი, რომელთაც ასევე ეხებათ კომპანიის სამუშაოების კონტროლი და აღნიშნულის საფუძველზე დაჯარიმებულან კიდეც. საერთო ჯამში, კომპანიების მუშაობით, საუბარია 3 კომპანიაზე, ჩვენ კმაყოფილი ვართ 99%–ით“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროს შესაბამის სამსახურში.
edu.aris.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment