Tuesday, June 13, 2017

ბიზნესმენის გატაცებაში ბრალდებული ნიკოლოზ ბახტაძე და ლევან ჩქარეული ბრალს არ აღიარებენ

ბიზნესმენის გატაცებაში ბრალდებული ნიკოლოზ ბახტაძე და ლევან ჩქარეული ბრალს არ აღიარებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა განუცხადა. 

ბეროშვილის ინფორმაციით, ბრალის წარდგენა ოფიციალურად ხვალ მოხდება. მისივე თქმით, არსებობს საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულები გამართლდნენ, თუმცა ამ დროისთვის დაცვის მხარეს იმის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ გააჩნია, რასაც ბრალდება ედავება.

მისივე ინფორმაციით, საქმეში მტკიცებულების სახით არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერებიც, თუმცა იქ არაფერია არსებითი, რაც დაკავებულ პირთა ბრალეულობას დაადასტურებს. 

ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე ამ ეტაპზე არ იცნობს საქმის მასალებს, რის გამოც კონკრეტიკისგან თავს იკავებენ. შესაბამისი მასალების გადაგზავნას ხვალისთვის ვარაუდობენ. 

”პირველი, რაც შემიძლია გითხრათ, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ბრალის წარდგენა ხვალ მოხდება. მასალები ჯერ არ გვაქვს გადმოცემული, შესაბამისად, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან გასაუბრებიდან გამომდინარე გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ გამართლდებიან, თუმცა ჩვენ იმის საწინააღმდეგო მტკიცებულებები ჯერ არ გვაქვს, რასაც ბრალდება ედავება. როგორც ვიცით, წარმოებულია ფარული გადაღება, თუმცა იქ არაფერია არსებითი, რომ ბრალეულობა დადასტურდეს”, - განაცხადა იმედა ბეროშვილმა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვადრატული მეტრის ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ, რა მიზნითაც ბრალდებულებმა ბიზნესმენს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვებუნქტებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment