აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა შარშან 4,235 მლრდ ლარი შეადგინა, მოგებამ - 363 მლნ ლარი, ბიუჯეტმა კი მხოლოდ 109 მლნ ლარი მიიღო. ბანკებს 2016 წელს 679 მლნ ლარის წმინდა მოგება ჰგონდათ, ბიუჯეტში კი მხოლოდ 79 მლნ ლარი გადაიხადეს, - წერს გაზეთი "რეზონანსი".
გამოცემა აღნიშნავს, რომ აზარტული თამაშები და საბანკო სფერო ყველაზე მომგებიანი მიმართულებაა საქართველოში. 2016 წელს ბანკების შემოსავალი 2 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო სათამაშო ბიზნესის შემოსავალმა 4 მილიარდს გადააჭარბა. მოგების მაჩვენებლითაც ეს ორი სფერო უპირობო ლიდერია: შარშან ბანკებმა და სათამაშო ბიზნესმა ჯამში 1 მილიარდ ლარზე მეტი წმინდა მოგება მიიღეს. მიუხედავად ამისა, ორივე სექტორიდან ქვეყნის ხაზინაში ძალიან ცოტა თანხა შედის.
"წელს, ახალი დაბეგვრის რეჟიმიდან გამომდინარე, სათამაშო ბიზნესიდან საბიუჯეტო შენატანები ცოტათი გაიზარდა. თუ შარშან, პირველ კვარტალში ამ ბიზნესიდან ბიუჯეტმა 17,882 მილიონი ლარი მიიღო, წელს 3 თვეში თანხამ 33,858 მილიონი ლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის შემოსავლებში სათამაშო ბიზნესის წილი 1,4%-ს არ აღემატება. კიდევ უფრო მცირე იყო 2016 წლის 3 თვეში - 0,8%.
საბანკო სექტორის შემთხვევაშიც ანალოგიური ვითარებაა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანამხად, 2016 წელს ყველა კომერციულმა ბანკმა ერთად ბიუჯეტში 79 მილიონი ლარი შეიტანა, 2015 წელს - 67 მილიონი ლარი, 2014-ში - 79 მილიონი ლარი, 2013-ში - 44 მილიონი ლარი", - წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის მიზეზი სახელმწიფოს არასწორი რეგულაციებია, რომლებიც იმგვარი უნდა იყოს, რომ არც ეს დარგები დაზიანდეს და არც სახელმწიფო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment