არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემის "წითელი ზონა" და "ინტერVIEW"-ს დახურვას ეხმაურებიან.
ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა ეს გადაცემები სატელევიზიო ეთერში შეინარჩუნოს და ამასთან, წარმოადგინოს კონკრეტული დასაბუთება და დეტალური არგუმენტაცია, თუ რატომ მიიღეს ამ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება. ორგანიზაციები ასევე მოითხოვენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაუწყებლის რეფორმირებისა და სატელვიზიო ბადის შერჩევის შემდგომი პროცესი იმგვარად წარმართოს, რომ მაქსიმალურად დაიცვას საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პლურალიზმის პრინციპები.
"ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც მიმდინარე წლის ივლისის თვიდან და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სატელევიზიო პროექტების - „წითელი ზონა“ და„ინტერVIEW“ დახურვას უკავშირდება. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ „რადიო თავისუფლების“ გადაცემების დახურვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკის გაქრობის ინტერესს შეიძლება უკავშირდებოდეს და აჩენს ეჭვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვის პოლიტიკურ დაინტერესებულობასთან დაკავშირებით.
მაუწყებლისა და რადიო „თავისუფლების" ერთობლივი სატელევიზიო პროექტები, „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“ გამორჩეული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გადაცემებია, რომელიც ძალაუფლებრივი ღერძებისა და პოლიტიკური პროცესების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა. აღნიშნული გადაცემები ხელს უწყობს ჩაგრული და უხილავი სოციალური ჯგუფებისა და სისტემური პოლიტიკური და სოციალური პრობლემების აქტუალიზებას და აძლიერებს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას. ორივე გადაცემა ზედმიწევნით შეესაბამება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასა და საქმიანობის პრინციპებს და სარგებლობს საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა კვლევებით დადასტურდა, „წითელი ზონას“ მაღალი შეფასება გააჩნია[1], „ინტერVIEW“-ს მნიშვნელობას კი საჯაროდ აღიარებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი. ამ პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვა მხოლოდ ზოგადი და აბსტრაქტული დასაბუთებით, რომ ხელმძღვანელობას არ სურს პოლიტიკური გადაცემების გარე რესურსით მომზადება, დაუსაბუთებელი და თვითნებური ჩანს და სწორედ პოლიტიკური შინაარსის გადაცემებზე მენეჯმენტის მხრიდან მაქსიმალური და პირდაპირი კონტროლის მოპოვების ინტერესზე მიუთითებს", - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF), კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).
გადაცემების დახურვის შესახებ ცნობილი 13 ივნისს გახდა. მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატეგიული სამსახურის უფროსმა ია ანთაძემ განაცხადა, რომ მაუწყებელმა გარე სტუდიებთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა, რის გამოც შესაბამისად დაიხურა რადიო “თავისუფლებასთან” თანამშრომლობით გაკეთებული "წითელი ზონა" და "ინტერVIEW".
imedinews.ge
No comments:
Post a Comment