Thursday, June 15, 2017

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ციფრული გადამზადების ცენტრები გაიხსნება

ტექნოპარკში „ციფრული უნარების განვითარება და ონლაინ დასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიცირებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ციფრული გადამზადების ცენტრები გაიხსნება. გლობალურ დასაქმების ბაზრებზე წვდომის მიზნით, მსურველი ბენეფიციარები აღნიშნულ ცენტრებში ეტაპობრივად გადამზადდებიან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, შეიქმნა დისტანციური დასაქმების პლატფორმა ,,ციფრული მოქალაქე’’. მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, პლატფორმა ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით მოიძიოს მისი ცოდნის შესაბამისი სამუშაო პოზიცია, გააკეთოს ონლაინ განაცხადი ვაკანტურ სამუშაოებზე და დასაქმდეს.

„პროექტის საპილოტე ვერსია კასპის რაიონში განხორციელდა. ვხედავთ უზარმაზარ დაინტერესებას. ათობით ახალგაზრდა ჩართულია, კიდევ უფრო მეტი ელოდება გადამზადებას. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ პროექტი რაც შეიძლება ბევრ რეგიონში განვავითაროთ და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ მასში ჩართვის შესაძლებლობა.“-აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროექტის მიზანია რეგიონში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის ცოდნა, რომელიც მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ე.წ. დისტანციური დასაქმების შესაძლებლობას მისცემთ.

„პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო. ბენეფიციარების გადამზადება რეგიონალურ ცენტრებში გამართული სემინარებით მოხდება.ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კერძო სექტორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პარტნიორობით განხორციელდება.“-აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უნივერსიტეტი გლობალური დასაქმების ერთ-ერთ უმსხვილესი პლატფორმის freelancer.com-ის პარტნიორია, რომლითაც ბენეფიციარებს წვდომა ექნებათ მსოფლიოში არსებულ 15 მილიონზე მეტ სამუშაო პოზიციასთან. გასული წლის მონაცემებით, დისტანციურად შესრულებული სამუშაოების ბრუნვამ 2.6 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment