სამხრეთ-დასავლეთ
გერმანიის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩენილი მენჯის ძვლის სახით, მკვლევრებს
ხელში ჩაუვარდათ ძლიერი მტკიცებულება, რომ ადამიანთა პატარა პოპულაცია
აფრიკაში დარჩა და შემდეგ გაქრა, მსოფლიოს გარშემო ადამიანთა დიდ
მიგრაციამდე დიდი ხნით ადრე.
ამ
იდუმალებით მოცული ადრეული მიგრაციის ნიშნები კარგად ჩანს აღმოჩენილი
ნეანდრეტალის ფეხის ძვლის დნმ-ში, რომელიც მეტყველებს არა მხოლოდ ჰომინინთა
ორი პოპულაციის შეხვედრაზე, არამედ ასევე შეიცავს ნიშნებსაც, რომ
ნეანდერტალები იმაზე ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყვნენ, ვიდრე მიგვაჩნდა.
გერმანიის
მაქს პლანკის ადამიანის ისტორიის მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ტუბინგენის
უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა მენჯის ძვლის მიტოქონდრიის დნმ გამოიყენა,
რათა განესაზღვრა მისი ურთიერთობა ნეანდერტალებთან და თანამედროვე
ადამიანებთან.
ნეანდერტალთა და ადამიანთა ისტორია ოდნავ გართულებულია. მაშ ასე, განვიხილოთ.
ნეანდერტალები
და ადამიანები ახლო ბიძაშვილებად მიიჩნევიან, ჰომო საპიენსისა ან მასთან
ახლოს დაკავშირებული ჰომო ნეანდერტალისის სახეობის ქვეშ.
მიტოქონდრიები
ჩვენი უჯრედების ბატარეებია, რომლებიც შეიცავს უჯრედის ბირთვის დნმ-ისგან
გამოცალკევებულ და შექუჩებულ გენთა წყებას. იქიდან გამომდინარე, რომ
მიტოქონდრიული დნმ მუტაციას საკმაოდ პროგნოზირებადი გზით განიცდის,
შეგვიძლია შევისწავლოთ და განვსაზღვროთ მისი მუტაცია, რათა უკეთესად
შევიტყოთ როდის იყო ის უკანასკნელად საერთო ორი პოპულაციისთვის.
ჩვენს
მიტოქონდრიულ გენებს შორის არსებული სხვაობა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს
საერთო წინაპარს დაახლოებით 400 000 წლის წინ ვიზიარებდით, განსხვავებით
წინა კვლევისა, რომლის მიხედვითაც, ორ სახეობას შორის გახლეჩვა დაახლოებით
800 000 წლის წინ უნდა მომხდარიყო.
ადამიანთა
ბიძაშვილების კიდევ ერთი ჯგუფი, ე. წ. დენისოვანები, ნეანდერტალთა ჯგუფს
დაახლოებით 400 000-450 000 წლის წინ გამოეყო, მანამ, სანამ ისინი
დედამიწაზე ხეტიალს დაიწყებდნენ.
აღსანიშნავია,
რომ დენისოვანების უჯრედის ბირთვის დნმ ნეანდერტალების დნმ-ს უფრო
ემთხვეოდა, ვიდრე ჩვენსას. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან
დენისოვანები სავარაუდოდ ნეანდერტალთა პოპულაციას გამოეყვნენ.
თუმცა, უფრო მსგავსი მიტოქონდრიები აქვთ ნეანდერტალებსა და თანამედროვე ადამიანებს.
ესპანეთის
ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩენილი ნეანდერტალის ძვლები 430 000 წლის
წინანდელია, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათმა წინაპრებმა აფრიკა დაახლოებით
ნახევარი მილიონი წლის წინ დატოვეს და ევროპის მასშტაბით ხეტიალი დაიწყეს,
თანდათან მიაღწიეს სამხრეთ ციმბირამდეც, საბოლოოდ კი რამდენიმე ათეული
ათასი წლის წინ დაიხოცნენ.
ჩვენი საკუთარი წინაპრები აფრიკიდან დაახლოებით 50 000 წლის წინ გადმოსახლდნენ.
არააფრიკული
წარმომავლობის თანამედროვე ადამიანებიდან აღებული დნმ მეტყველებს, რომ
ჩვენ გვაქვს გენები, რომლებიც ნეანდერტალებსა და დენისოვანებში
ჩამოყალიბდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ გაყრიდან ათასწლეულზე მეტი ხნის
განმავლობაში, ჩვენს ბიძაშვილებს შორის ურთიერთობა კვლავ იყო.
იმის
გათვალისწინებით, რომ მოსახლეობას ევროპაში ერთმანეთში არევის შანსი
რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე ჰქონდა, შემთხვევითი მოვლენების ზოგიერთი
დეტალი სულაც არაა გასაკვირი.
თუმცა, ეს ახალი აღმოჩენა ცოტა არ იყოს, შოკისმომგვრელია.
ახალ
სახეობას HST უწოდეს, აღმოჩენის ადგილის — ჰოჰლენშტაინ-შტადელის მღვიმის
გამო; რადიონახშირბადული მეთოდით მისი დათარიღება შეუძლებელია, მაგრამ მისი
მიტოქონდრიული დნმ 124 000 წლისაა.
„ძვალი,
რომელიც დახრულია მსხვილი მტაცებლის მიერ, შეიცავს მიტოქონდრიულ გენეტიკურ
მონაცემებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი ნეანდერტალთა შტოს ეკუთვნოდა“, —
ამბობს მაქს პლანკის ადამიანის ისტორიის მეცნიერებათა ინსტიტუტის უფროსი
მკვლევარი კოსიმო პოშთი.
ამბავი
კიდევ უფრო ჩაიხლართა, როდესაც გაირკვა, რომ ამ ნეანდერტალთა მიტოქონდრია
იგივე ჯგუფიდან არ მომდინარეობს, რომლიდანაც ადრე შესწავლილ ნეანდერტალთა
ძვლებისა. სანაცვლოდ, იგი მომდინარეობს სულ მცირე 220 000 წლის წინანდელი
მოდგმისგან.
ეს აღმოჩენა არა
მხოლოდ იმას გვაფიქრებინებს, რომ თანამედროვე ადამიანები ნელ-ნელა,
ეტაპობრივად მოიწევდნენ ევროპისკენ და მეგობრულად ეწყობოდნენ
ნეანდერტალებს, იმაზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მიგრაციის ტალღა თანამედროვე
მოსახლეობას ჩაუყრიდა საფუძველს — არამედ აჩვენებს იმასაც, რომ
ნეანდერტალები ბევრად უფრო მრავალფეროვანი ყოფილან, ვიდრე გვეგონა.
მთლიანობაში,
ეს მტკიცებულება მეტყველებს ნეანდერტალებს, დენისოვანებსა და თანამედროვე
ადამიანებს შორის არსებულ კომპლექსურ ურთიერთობაზე.
დაახლოებით
450 000 წლის წინ, ნეანდერტალებისა და დენისოვანების წინაპარი გაიყო და
ევროპისა და აზიისაკენ გაემართა. ის ნაწილი, რომელიც უფრო აღმოსავლეთით
მიეხეტებოდა, თანდათან დენისოვანები გახდნენ, დასავლეთით წასულები კი
ნეანდერტალები.
დაახლოებით 200
000 წლის შემდეგ, ჩვენს წინაპართა ხაზის მცირე ჯგუფი აფრიკიდან გამოვიდა და
ნეანდერტალებთან ერთად დაიწყო კვება. ადამიანთა ამჟამად დაკარგული ეს
მოდგმა საკმარისად დიდი იყო იმისათვის, რათა თავიანთ მიტოქონდრია
დაეტოვებინათ, მაგრამ არც ისე დიდი, რომ მნიშვნელოვანი კვალი დაემჩნიათ
ნეანდერტალთა უჯრედის ბირთვის დნმ-ზე.
„ეს
სცენარი ავსებს არქაული ჰომინინების უჯრედის ბირთვისა და მიტოქონდრიულ
დნმ-ს შორის არსებულ შეუსაბამობებს, ასევე თანხვედრაში მოდის თანამედროვე
ადამიანთა და ნეანდერტალთა გაყოფის პერიოდთან, რაც მათი უჯრედის ბირთვისა
და მიტოქონდრიულ დნმ-ებიდან დადგინდა“, — ამბობს მკვლევარი იოჰანეს
კრაუსი.
ეს სურათი მხოლოდ ერთი
შესაძლო ახსნაა. ასევე შესაძლებელია, რომ ძვალი ეკუთვნოდეს სრულიად სხვა
პოპულაციას, რომელიც ასევე აფრიკიდანაა წამოსული.
ცოტა
ხნის წინ გაკეთებული კიდევ ერთი აღმოჩენის მიხედვით, ანატომიურად
თანამედროვე ადამიანი იმაზე 100,000 წლით უფრო ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე
აქამდე იყო მიჩნეული. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი წინაპრები მართლაც ძალიან
ბევრს მოძრაობდნენ.
ადამიანთა
წინაპრებს შორის არსებულ ურთიერთობებს ალბათ უფრო მეტ სინათლეს სამომავლო
აღმოჩენები მოჰფენს. მანამდე კი, ურთიერთობის სტატუსი ნეანდერტალებსა და
ადამიანებს შორის, „გართულებულია“.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით
1tv.ge
No comments:
Post a Comment