Wednesday, February 28, 2018

ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მისაღები გამოცდებისთვის ემზადება

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, საქართველოს მასშტაბით, მისაღები გამოცდებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს.
საინფორმაციო კამპანია იმერეთის შემდეგ, კახეთში, კერძოდ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჩატარდა.
ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვა საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებს შეეძლებათ, რომლებსაც 9 კლასი დასრულებული აქვთ.
ლიცეუმში ჩარიცხვის შემდეგ კადეტები ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად, გაძლიერებული დატვირთვით ფიზიკურ მომზადებას, ისტორიას, სამხედრო საქმეს, ტოპოგრაფიას და ინფორმატიკას შეისწავლიან. ლიცეუმში სწავლა 3-წლიანია.
სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერტიფიკატს მიიღებენ. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პანკისის ხეობაში მცხოვრებმა არაერთმა მოსწავლემ, რომელიც მე-9 კლასშია, სწავლის გაგრძელების სურვილი სამხედრო ლიცეუმში უკვე გამოთქვა.
2018 წლის ივნისში მისაღებ გამოცდებზე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი სკოლის მოსწავლეები ფიზიკური ნორმატივების და უნარ-ჩვევების გარდა, გამოცდას მათემატიკაშიც ჩააბარებენ. პანკისის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება. ლიცეუმში მისაღები გამოცდების ზუსტი თარიღი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ განისაზღვრება.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

1-2 მარტს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 მარტიდან 2 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი.
თბილისში დღის მეორე ნახევარში და 2 მარტის ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება,- წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ქუთაისში გარემოვაჭრეები მერს ხვდებიან

ქუთაისის მერიაში გარემოვაჭრეები ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას ხვდებიან. ისინი 1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ.
ქუთაისის მერიის ცნობით, გარემოვაჭრეების ნაწილს მერი უკვე შეხვდა, მეორე ნაწილს კი ამ წუთებში ხვდება. 
1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალა. ამის გამო გვიან ღამე ცენტრალური ბაზრისა და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია სპეციალურმა სერვისებმა დაასუფთავეს. ტერიტორიიდან აიღეს გარემოვაჭრეთა დახლები და სხვადსხვა სახის მოწყობილობები.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

სატელეკომუნიკაციო ტენდერის დასრულებამდე საჯარო მოსამსახურეები ძველი ტარიფებით ისარგებლებენ


სატელეკომუნიკაციო ტენდერის დასრულებამდე საჯარო მოსამსახურეები ძველი, არსებული ტარიფებით ისარგებლებენ. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„გთხოვთ, აღნიშნულის მიზნით მიმართოთ მიმწოდებლებს, CON170000115 კონსოლიდირებული ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე, მიმდინარე ხელშეკრულებების ვადის ურთიერთშეთანხმებით გადაწევის თაობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„მაგთიკომთან“ და „ჯეოსელთან“ წინა ტენდერით დადგენილი ვადა დღეს ამოიწურა.
რაც შეეხება ახალ ტენდერს, განაცხადების მიღება დღეს სრულდება. თუმცა უცნობია, როდის გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას (ან კომპანიებს) სატენდერო კომისია.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს, შესაძლოა, მობილური ინტერნეტის საფასური სამჯერ გაუძვირდეთ. ინტერნეტმომსახურებაზე სამჯერ გაზრდილი ზედა ზღვრული ტარიფების შესახებ 26 თებერვალს გამოცხადებულ კონსოლიდირებული ტენდერის დოკუმენტაციაშია ასახული. ამავე დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა ნომრებს დაუწესდეთ სააბონენტო გადასახადი - თითო ნომერზე 1 ლარი. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაახლოებით 260 000 აბონენტს მოემსახურება.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

მედია: სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობის კვალი იტალიურ მაფიამდე მიდის

სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ მთავრობა მილიონ ევროს გადაიხდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას Irishtimes-ი ავრცელებს.
რაც შეეხება მკვლელობის ვერსიას, მედიაში წერენ, რომ შესაძლოა ჟურნალისტი იტალიური მაფიის წევრებმა მოკლეს.
26 თებერვალს სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, იან კუჩიაკს და მისი მეგობარ ქალს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც, სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.
სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ 27 წლის კუჩიაკი და მისი მეგობარი გარდაცვლილები თავიანთ სახლში, ქალაქ ველკა მაჩაში იპოვეს.
მოკლული ჟურნალისტი იან კუჩიაკი მუშაობდა ინტერნეტგამოცემისათვის Aktuality.sk. მისი ბოლო სტატია, რომელიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხებოდა ბრატისლავაში ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის გარშემო გადასახადებთან დაკავშირებულ სავარაუდო თაღლითობას.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

სახელმწიფო ბაზარზე არსებული პროდუქციის ხარისხის შემოწმებას იწყებს

ბაზარზე ზედამხედველობის მიმართულებით პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმოს არსებობს თუ არა შესაბამისობა მარკირებულ და რეალურ პროდუქციას შორის“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
პირველი ვიცეპრემიერის განმარტებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. მისი თქმით, ამ ცვლილებას ბევრი მწარმოებელი ითხოვს, რათა რეალურ, კონკურენტულ გარემოში იყვნენ. 
„ეს არის სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ მომხმარებელმა ის ფასი გადაიხადოს პროდუქციაში, რა მარკირებაც პროდუქციას აქვს. შესაბამისად, ჩვენი მომხმარებელი, ერთი მხრივ, იქნება დარწმუნებული, რომ მარკირება, რომელიც პროდუქციას აქვს, შეესაბამება შიგთავსს. მეორე მხრივ კი, არაკონკურენტულ გარემოში არ აღმოჩნდებიან ის კეთილსინდისიერი მწარმოებლები, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ“, - განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქციის უსაფრთხოების ნაწილშიც. მისი თქმით, ამ კანონით ასევე მოწესრიგდება ის, რომ საფრთხის შემცველი არ იყოს პროდუქცია, რომელსაც მწარმოებელი აწარმოებს ან იმპორტიორს შემოაქვს
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო 31 000 ადამიანი იღუპება

საქართველოში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული არაგადამდები დაავადებების შედეგად 31 000 ადამიანი იღუპება. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო საგანგაშო პოზიციაზეა.
მისივე თქმით, სიგარეტის მოხმარება 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. გამყრელიძე აცხადებს, რომ თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის მიზანია ქვეყანაში მწველეთა რაოდენობის ყოველწლიურად მინიმუმ 1%-ით შემცირება.
2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოწევა, (ასევე, ელექტროსიგარეტის) სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში იკრძალებაცნობილია ჯარიმების ოდენობა, რომელსაც აკრძალულ ადგილას სიგარეტის მოწევისთვის გადაიხდით.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

თერგის ბაზრობაზე ხანძრით დაზარალებულებს ადმინისტრაცია შეხვდა

"თერგის ბაზრობაზე", სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა. იურისტმა გიგა კვერენჩხილაძემ მათ განუმარტა, რომ ჯერჯერობით უცნობია როდის შეუშვებენ მოვაჭრეებს ხანძრის ტერიტორიაზე.
ადმინისტრაცია ელოდება თანხმობას სახანძრო სამსახურიდან და პოლიციიდან, მათთვის უცნობია რამდენად უსაფრთხოა იქ გადაადგილება. გიგა კვერენჩხილაძემ აღნიშნა, რომ მოვაჭრეთა მცირე ნაწილი უკვე გადაიყვანეს ალტერნატიულ ადგილზე და სხვა მოვაჭრეებსაც ეტაპობრივად გადაიყვანენ. დამწვარ შენობაში ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ბაზრობაზე ხანძარი 27 თებერვალს გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ. 
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ბოძაშვილი: ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" "შიდა ქართლით" ან "ცხინვალის რეგიონით" უნდა შეიცვალოს

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა საერთაშორისო დოკუმენტში ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ „შიდა ქართლით“ ან „ცხინვალის რეგიონით“ უნდა შეიცვალოს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ბოძაშვილის თქმით, ტერმინის „სამხრეთ ოსეთი“ ფიქსაცია საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში აზარალებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ამავე დროს არ უწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარებას და არსებითად ვერ ახდენს გავლენას სხვადასხვა ფორმატის წარმატებაზე, იქნება ეს ჟენევის მოლაპარაკებები თუ ინციდენტთა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. 
"ჩვენი ქვეყანა სამშვიდობო პროცესის, რეინტეგრაციისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, წლების განმავლობაში მიდიოდა კომპრომისზე და საქართველოს ისტორიულად შიდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან მიმართებაში, საერთაშორისო დოკუმენტებში ეთანხმებოდა ტერმინის „სამხრეთ ოსეთის“ გამოყენებას. ეს არ არის სწორი არც სამართლებრივი, არც გეოგრაფიული, არც ისტორიული და არც სამომავლო თვალსაზრისით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო წლებში მუდმივად გაცხადებულ და ხშირად ზედმეტად თავშეკავებულ სახელმწიფო პოლიტიკას სეპარატისტული მხარე ყოველთვის აგრესიით, ტერიტორიის მიტაცებით, ქართველთა დაპატიმრებითა და მკვლელობით პასუხობდა. 

შესაბამისად, უნდა წარიმართოს მუშაობა, რომ ყველა საერთაშორისო დოკუმენტში თუ პარტნიორთა განცხადებებში გამოიყენებოდეს მხოლოდ დასახელება „შიდა ქართლი“ ან უკიდურეს შემთხვევაში „ცხინვალის რეგიონი“. ეს ეხება როგორც ასოცირების შეთანხმებას, ისე გაეროსა თუ სხვა ორგანიზაციების რეზოლუციებს, ევროკავშირის განცხადებებსა და ასე შემდეგ. თავისთავად, ეს უნდა ეხებოდეს საქართველოს კანონმდებლობას“, - აცხადებს ბოძაშვილი.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

Tuesday, February 27, 2018

დონალდ ტრამპის სიძეს თეთრ სახლში უსაფრთხოების საკითხებზე წვდომა შეუმცირეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძეს ჯარედ კუშნერს თეთრ სახლში უსაფრთხოების საკითხებზე წვდომა შეუმცირეს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
კუშნერი, რომელიც პრეზიდენტის უფროსი მრჩეველია, ამ დრომდე უმაღლესი დონის საიდუმლო ინფორმაციებს ღებულობდა და პრეზიდენტისთვის განკუთვნილ აშშ-ის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშებს იბარებდა.
ამისათვის კი, კუშნერი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში უსაფრთხოების უმაღლესი რანგის დროებითი საშვით სარგებლობდა. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ ამ დრომდე ჯარედ კუშნერის წარსულის კვლევა დასრულებული არ იყო. ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია, როდის აღუდგება უმაღლეს საიდუმლო მასალებზე წვდომა პრეზიდენტის უფროს მრჩეველს.

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


მასთან ერთად წვდომა თეთრი სახლის კიდევ რამდენიმე მრჩეველს შეუმცირდა, რომლებიც ასევე დროებითი საშვით სარგებლობდნენ.
როგორც ჯარედ კუშნერის ადვოკატმა გამოცემა „პოლიტიკოს“ უთხრა, ეს ცვლილება პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის საქმიანობას არ შეაფერხებს.
კუშნერის პრესსპიკერმა კი BBC-ს განუცხადა, რომ ასეთი მაღალი რანგის წვდომის დაშვებამდე ხანგრძლივი კვლევა სტანდარტული პროცედურაა და ახალი ადმინისტრაციის ფორმირებისას ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
მანამდე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსმა გენერალმა ჯონ კელიმ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ის შეამცირებდა იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც უმაღლესი დონის საიდუმლო მასალებთან ჰქონდათ წვდომა.
ჯარედ კუშნერის შესახებ ცვლილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ მისმა თანაშემწემ ჯოშ რაფელმა თეთრი სახლის ადმინისტრაცია დატოვა.
მანამდე კი, „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა, რომ კუშნერის კონტაქტები უცხო ქვეყნების მთავრობებთან თეთრი სახლის შეშფოთებას იწვევდა.
1tv,ge

იანოშ ჰერმანი: ევროკავშირი ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო შეშფოთებულია

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მომხდარი ევროკავშირის შეშფოთებასა და წუხილს იწვევს. ინფორმაციას 1tv-ი ავრცელებს.
„ევროკავშირმა ამ ძალიან სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება. ნება მიბოძეთ, მე პირადად ასევე მივუსამძიმრო ტატუნაშვილის ოჯახს და ყველას, ვისაც ეს ამბავი ეხება. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ეს სიტუაცია ჩვენს შეშფოთებასა და წუხილს იწვევს. ველოდებით, რომ დეფაქტო ხელისუფლება საქართველოს ორ მოქალაქეს მისცემს საშუალებას, დაბრუნდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ასევე ველოდებით, რომ განხორციელდება ყველა სხვა ზომა დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძალისხმევას კონფლიქტის გადაწყვეტის ხელშესაწყობად. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ სიტუაციის“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

კორცხელის ინციდენტში ბრალდებულები სასამართლომ დააჯარიმა

კორცხელის ინციდენტში ბრალდებულები და მათი ადვოკატი ზურაბ ბელთაძე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააჯარიმა, თითეულს 300 ლარის გადახდა დაეკისრა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მოსამართლე შოთა ბიჭიამ ეს გადაწყვეტილება გასული წლის 28 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მათი გამოუცხადებლობის გამო მიიღო. პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზად ადვოკატმა სხვა სასამართლო პროცესები დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მას სასამართლო წინასწარ არ გაუფრთხილებია. შედეგად, მოსამართლემ მისი განმარტება საპატიოდ არ ჩათვალა. 
კორცხელის ინციდენტი შუალედური არჩევნებისას, 2016 წლის 22 მაისს, კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან მოხდა. ერთმანეთს სპორტსმენები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაუპირისპირდნენ. შედეგად, ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის - ორი პოლიციელი. ინციდენტისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.
ამ საქმეში 6 ადამიანია ბრალდებული, რომელთაც სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

კიმ კარდაშიანმა ახალშობილი ქალიშვილის ფოტო გამოაქვეყნა

რეალითი-შოუს ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა საზოგადოებას პირველად დაანახა თავისი ქალიშვილის, ჩიკაგო უესტის სახეს. ფოტოზე დედა-შვილმა აპლიკაციის საშუალებით დათვის ყურები მოირგეს. "პატარა ჩიკაგო", - დაწერა კარდაშიანმა ფოტოს ქვემოთ.2018 წლის 17 იანვარს, კიმ კარდაშიანს და მუსიკოს კანიე უესტს მესამე შვილი შეეძინათ. კიმ კარდაშიანსა და კანიე უეტს 5 წლის ქალიშვილი ნორტი და 3 წლის ვაჟი სეინტი ჰყავთ. მესამე ბავშვის გაჩენა კი ტელევარსკვლავმა ჯანმრთელობის გამო ვერ შეძლო და სუროგატი დედის დახმარებას მიმართა.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

კიევში, რადასთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

კიევში, რადას შენობასთან ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. შედეგად 14 სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 
"სახალხო ფრონტის" დეპუტატის ანტონ გერაშენკოს განცახდებით, სააკაშვილის მხარდამჭერებმა რადასთან საბურავების დაწვა სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა21 თებერვალს სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აეკრძალა.
საქართველოს ექს პრეზიდენტი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა ანუ ქვეყანაში, საიდანაც ოფიციალური კიევის აზრით უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა.
მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 11 დეკემბერს პატიმრობიდან  გათავისუფლდა. მანამდე ის ორჯერ დააკავეს. 26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა. განაჩენი 6 თებერვლამდე იყო ძალაში.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი და პოლიტიკური პარტიის "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, უკრაინაში "დამატებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის" სტატუსის მოპოვებას ცდილობდა, რაზეც უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა.
სააკაშვილმა საიმიგრაციო სამსახურთან ბრძოლა უკრაინულ სასამართლოში განაგრძო, მაგრამ ყველა ინსტანციაში დამარცხდა.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლეს პროკურატურაში პირველ მარტს მოწმის სახით გამოკითხავენ. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.
პროკურატურის ინფრომაციით, ბურჭულაძის მეუღლეს გამოკითხავენ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი „იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის მითვისების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.
მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირები შესაძლოა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებულ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.
პაატა ბურჭულაძემ 2015 წლის ნოემბერში დააფუძნა ორგანიზაცია "საქართველოს განვითარების ფონდი", რომლის დეკლარირებული მიზანი იყო "ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია". 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" შექმნა, თუმცა მისმა მოძრაობამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, რის შემდეგაც ოპერის მომღერალმა ჯერ პარტია, შემდეგ კი საქართველო დატოვა. 9 სექტემბერს ის რუსეთში მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

Monday, February 26, 2018

გარკვეულ პროფესიებზე სწავლების ხანგრძლივობა შესაძლოა შემცირდეს

შესაძლოა, გარკვეულ პროფესიებზე სწავლების ხანგრძლივობა ბაკალავრიატში 4 წლიდან 3 წლამდე ანუ 180 კრედიტამდე, მაგისტრატურაში კი 2 წლიდან 1 წლამდე შემცირდეს.
ამას განათლების შესახებ მთელ რიგ კანონებში ცვლილებები ისახავს მიზნად, რომელიც განათლებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ერთ-ერთი ასეთი „მოკლე ციკლის პროგრამებია“. ინფორმაციას EDU.ARIS.GE ავრცელებს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, „მოკლე ციკლის პორგრამები“ არ ნიშნავს იმას, რომ ცუდად ან ნაკლები ვისწავლოთ.
„ეს არის პროფესიები, სადაც მოკლე ციკლი შესაძლებელია. შრომის ბაზარზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდისთვის, ეს მოკლე ციკლის პროგრამები კი მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ მალე შევიდნენ ბაზარზე. ეს არის უნივერსიტეტებთან ერთად მომზადებული კანონპროექტი“, – აღნიშნა თეიმურაზ მურღულიამ.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ბაზრობებზე სავალდებულო დაზღვევა ორ დღეში უნდა ამოქმედდეს

მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა პირველი მარტიდან ამოქმედდება. ამის შესახებ 1tv წერს.
მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილების თანახმად, მფლობელების მიერ მესამე პირის დაზღვევა იმოქმედებს შემდეგ ობიექტებზე:
სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა);
ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და სასტუმრო (100 და მეტადგილიანი სასტუმრო, დასასვენებელი სახლი).
დადგენილების თანახმად, სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვრება 300 000 ლარით; ხოლო ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებულ ზიანზე − ობიექტში ფუნქციონირებადი კომერციული ობიექტების რაოდენობის ნამრავლით 15 000 ლარზე, არაუმეტეს 15 მილიონი ლარისა.
თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლის მცირე კერები კვლავ რჩება. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ათობით სამაშველო ბრიგადაა ჩართული. ცეხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია, თუმცა მაშველები მცირე კერების ლიკვიდაციას ცდილობენ.
ბაზრობაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ. 
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში სულ 15 222 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს საქართველოში ხანძრის 10 951 შემთხვევა გამოვლინდა
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

თებერვალში თევზჭერის წესების დარღვევის 26 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან დღემდე, თევზჭერის წესების დარღვევის 26 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 1 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა 8 ფაქტი, აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 6, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 4, სამცხე-ჯავახეთში - 3, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 3 ფაქტი, კახეთისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის თითო-თითო ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეებს კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოერთვათ. მასალები კი შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ბიტკოინის ფასმა 10 000 დოლარს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასი გაიზარდა. coinmarketcap-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულება 6,68%-ით გაიზარდა და 10 000 დოლარს გადააჭარბა. 
გუშინ ბიტკოინის ღირებულება 9,718.96 დოლარი იყო.
2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო.
მისი ფასის ვარდნას უკავშირებენ მათ შორის იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ბიტკოინის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს.
ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (შექმნა), ასევე გადაწყვიტა ყველა იმ ვებგვერდის დაბლოკვა, რომელიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

სირიაში ჰუმანიტარული დახმარების სანაცვლოდ ქალებს სექსს სთავაზობენ

BBC-ის ცნობით, სირიელი ქალები გაეროს მუშაკებისა და საქველმოქმედო ფონდების წარმომადგენლების სახელით, კაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან. 
გაეროში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევებით მათთან არ დაფიქსირებულა და მათ არ აქვთ ინფორმაცია პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდანაც.
BBC-ის ცნობით, ექსპლუატაცია იმდენად არის გავრცელებული, რომ ქალები სამედიცინო პუნქტები არ მიდიან, რათა დახმარების სანაცვლოდ მათ სხეულით მომსახურება არ შესთავაზონ. 
ერთ-ერთი დამხმარე მუშაკის თქმით, ზოგიერთი ჰუმანიტარული უწყება სექსუალურ ექსპლუატაციაზე თავს ხუჭავს, რადგან მესამე პირებთან და ადგილობრივ ჩინოსნებთან ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში ერთადერთი გზაა სირიის საშიშ ტერიტორიებზე მიიღო დახმარება, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს წვდომა არ აქვთ. 
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ვინ იყო პირველი საბჭოელი მილიონერი

საბჭოთა კავშირის პირველი ლეგალური მილიონერი არტემ ტარასოვი იყო. ტარასოვმა 1987 წელს სსრკ-ის ერთ-ერთი პირველი კოოპერატივი შექმნა, ხოლო ორი წლის შემდეგ, ტელევიზიით განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი ლეგალური მილიონერი გახდა. 1990 წელს, მან "ეროვნული დეპუტატის" მანდატი მიიღო.
1992 წელს, მან პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა და შემდეგ რუსულ მედიასთან საუბარში ხშირად ხუმრობდა, რომ დროულად მიღებული საჭირო ცოდნა ბიზნესსაქმიანობაში აქტიურად გამოიყენა.
ის პირველი საბჭოთა ადამიანი იყო, რომელმაც კოოპერატივის საშუალებით 3 მილიონი რუბლი გამოიმუშავა. კოოპერატივ "ტექნიკის" მაშინდელმა მოგებამ საბჭოთა საზოგადოება შოკში ჩააგდო. იმ დრო გადაცემა "Взгляд" - მა ტარასოვზე სიუჟეტი მოამზადა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის თვეში 90 ათასი რუბლს გამოიმუშავებდა...მოგვიანებით, ამის შესახებ რუსულ პრესასთან საუბრისას იხსენებდა, რომ იმდენად შეუჩვეველი იყო, დიდძალ ფულთან ურთიერთობას, რომ ეს მისთვის სერიოზული შოკი აღმოჩნდა.
"ისეთი განცდა გვქონდა, რომ მთელ ჩვენ გუნდს ამ თანხას წაგვართმევდნენ და დაგვხვრტდნენ... თუმცა, ყველაფერი სხვანაიარად წარიმართა, - სულ რაღაც ნახევარ წელიწადში, ჩვენს ბიუჯეტში რამდენიმე მილიონ დოლარი დაფიქსირდა" - ამბობდა ტარასოვი.
სსრკ-ის დაშლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში, ემიგრაციაში წავიდა... გარკვეული დროის შემდეგ, ისევ რუსეთში დაბრუნდა და 1996 წელს რუსეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გახდა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო, რადგან იგი არ დაარეგისტრირეს... მოგვიანებით, 2003 წელს, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორობაზე იყრიდა კენჭს, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია.
პოლიტიკაში მოსვლის მცდელობის პარალელურად, ტექნიკისა და ნანოტექნოლოგობის დანერგვის სფეროში ძალიან აქტიურობდა... 2013 წელს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანად დაასახელეს.
რუსეთში საცხოვრებლად დაბრუნებულმა ტარასოვმა, ადგილობრივ ხელისუფლებას, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების უმტკივნეულო და მშვიდობიანად მოგვარების პროექტი შესთავაზა.
არტემ ტარასოვი ცოლს გაშორებული იყო. მას ერთი შვილი, ფილიპი დარჩა... ბოლო წლებში მოსკოვში ცხოვრობდა და "ინოვაციების ინსტიტუტს" ხელმძღვანელობდა. მას თევზის გამოსახულებიანი ჰალსტუხების კოლექცია ჰქონდა და არსებული ინფორმაციით, მის გარდერობში 700-მდე ასეთი ჰალსტუხი ინახება.
ტარასოვი 67 წლის ასაკში 2017 წლის 23 ივლისს გარდაიცვალა.
ambebi.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/