„განხორციელდა მონიტორინგი აკრედიტაციის კუთხით და ორ უნივერსიტეტს, საუბარია სასწავლო სამედიცინო უნივერსიტეტზე „ჰიპოკრატე“ და ასევე „თბილისის საერთაშორისო აკადემიაზე“, ჩამოერთვა ავტორიზაცია. სტუდენტები, რომლებიც არიან ამ უნივერსიტეტში, ყველა იქნება მობილობით გადასული სხვა უმაღლეს სასწავლებლებში საკუთარი სურვილისამებრ. ხარისხის მართვის ცენტრი გამოაქვეყნებს რიგგარეშე მობილობას მხოლოდ ამ სასწავლებლების სტუდენტებისთვის და ასევე გაუწევს კონსულტაციებს. სტუდენტებს თავიანთი არჩევანის საფუძველზე საშუალება ექნებათ, რომ სწავლა გააგრძელონ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში. კონკრეტულ დეტალები ხარისხის ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად დარღვევები ეხებოდა განათლების ხარისხს. ჩვენთვის მთავარ საზრუნავს სწორედ განათლების ხარისხი წარმოადგენს. სახელმწიფომ, სიმართლე უნდა უთხრას ყველა ოჯახს, ყველა სტუდენტს და ეს სიმართლე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლები არიან ისინი, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური ხარისხი“, - განაცხადა ჩხენკელმა.
ამასთან, კითხვაზე, აპირებს თუ არა სასწავლებლების ხელმძღვანელობა ამ საკითხზე დავას, მინისტრის განმარტებით, „არსებობს აპელაციის პროცესი. თუ ისინი შეიტანენ განაცხადს, აპელაციის საბჭო მას განიხილავს“.
შეგახსენებთ, რომ შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ”ჰიპოკრატესა” და შპს ”თბილისის საერთაშორისო აკადემიას” ავტორიზაცია გაუუქმდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის 15 თებერვალს გამართულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ”ჰიპოკრატესა” და შპს ”თბილისის საერთაშორისო აკადემიაში” განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.
”ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, დარღვეულია სტანდარტის თითქმის ყველა მოთხოვნები. დაფიქსირებული დარღვევები პირდაპირ დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან და ხარისხთან. უფრო კონკრეტულად, ხარვეზები ეხება საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც თითქმის არ მიმდინარეობდა, საბიბლიოთეკო რესურსები დასაწყობებულ მდგომარეობაშია და რესურსების გამოყენების ფაქტები შესაბამისად არ ფიქსირდება. არ ფიქსირდება პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობის სათანადო ბაზები. კლინიკური უნარ-ჩვევების გარკვეულ ნაწილს სტუდენტები ერთმანეთზე სწავლობენ. გარდა საგანმანათლებლო ნაწილისა, სერიოზული პრობლემები არის ადმინისტრაციის, ფინანსებისა და ორგანიზაციული მოწყობის ნაწილში, რომელიც მთლიანად შეუსაბამოა საგანმანათლებლო მიზნებისთვის“, - ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ipn.ge
No comments:
Post a Comment