საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დაგროვებითი პენსიის რეფორმას მხარს უჭერს, – ასეთია პროფკავშირების ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლებიც დღეს პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე წარადგინეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
“სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” 1 000 რესპონდენტი გამოკითხა და მონაწილეთა ნახევარზე მეტი დაგროვებითი პენსიის შემოღებას მხარს უჭერს, თუმცა მათ გარკვეული შენიშვნებიც აქვს.
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ წარმომადგენლის იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, კვლევა ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ რეფორმა გაზიარებულია საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, 55% ცვლილებას პოზიტიურად უყურებს. თუმცა, არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დაგროვებით საპენსიო სქემას. ასეთია დაახლოებით 12%.
„ზოგადი პოზიტიური განწყობის ფონზე, რესპონდენტები გამოთქვამენ ცალკეულ მოსაზრებებს, მაგალითად, სრულიად ერთმნიშვნელოვნად იკვეთება აზრი, რომ საპენსიო სქემაში მონაწილეობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ასევე ფიქრობენ, რომ მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ იმ ადამიანებსაც, ვისაც ე.წ. ინსტიტუციონალური შემოსავლი არ აქვთ, მაგალითად, ძიძებს და ტაქსის მძღოლების, თვითდასაქმებულებს და არ უნდა იყოს დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
პროფკავშირებმა დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც საპენსიო სისტემაში დასაქმებულთა სავალდებულო მონაწილეობას და 5 წლის განმავლობაში, მოქალაქეთა 2%-იანი წილის საშემოსავლო გადასახადიდან ჩამოჭრას ითვალისწინებს.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, რეფორმის აუცილებლობიდან გამომდინარე, პროფკავშირები დათმობაზე მიდის და კანონპროექტის ცალკე დარეგისტრირების ნაცვლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას და ძირითადი პრინციპების შეჯერებას ცდილობს.
„ჩვენ თუ გვინდა საპენსიო რეფორმა, ის უნდა იყოს ორიენტირებული იმ სიღარიბის აღმოფხვრაზე და არაღირსეულ ცხოვრებაზე, რა ყოფაშიც არიან დღეს საქართველოში პენსიონრები. გარკვეული კონსენსუსი გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. 2+2+2 პრინციპი, სადაც დასაქმებულმა უნდა ამოიღონ ჯიბიდან ფული. არ გაქვს ნდობა ფონდების მიმართ, ამიტომ, პირველი 5 წლის განმავლობაში დასაქმებულებმა არ უნდა გადაიხადონ თანხა და მათი ისედაც მაღალი საშემოსავლო გადასახადიდან უნდა მიდიოდეს 2% საპენსიო ფონდში”, -განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა შეხვედრაზე.
შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.
15 თებერვალს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დაგროვებით პენსიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. პროექტი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ გააცნო.
პროექტმა კომიტეტის 7 წევრის მხარდაჭერა მიიღო, სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია.
განხილვის დროს უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილის მისამართით კრიტიკა გამოთქვა. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, კანონპროექტის სამფურცლიანი განმარტებითი ბარათი საკმარისი არ არის.
საიამ დღეს დაგროვებით საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საია განმარტავს, რომ საპენსიო შეტანანი კანონპროექტის მიხედვით სავალდებულო გადასახდელი ხდება, ეს კი ახალი გადასახადის დაწესებას ნიშნავს, რაც კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ საპენსიო რეფორმაზე რეფერენდუმის ჩატარება არ განიხილება.
1 ოქტომბერს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment