თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ არაერთ დიდ და მნიშვნელოვან ქალაქში, მათ შორის, ანკარაში წააგო. ასეთი შემთხვევა 2001 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პარტია დაარსდა, პირველად დაფიქსირდა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ლიდერების გამარჯვების ზეიმის კვალდაკვალ, ერდოღანი აცხადებს, რომ მისმა პარტიამ ზოგან დაკარგა პოზიციები, მაგრამ ეს კენჭისყრა შეცდომებზე სწავლის საშუალებას აძლევს.
"ზოგან გავიმარჯვეთ, ზოგან - დავმარცხდით. ეს ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალებას გვაძლევს, ეკონომიკური უკუსვლის შესაჩერებლად ახალ ზომებს მივიღებთ", - განაცხადა მან მედიასთან საუბრისას.
მთელი ქვეყანა განსაკუთრებული ინტერესით ელოდა სტამბოლის შედეგებს, ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ბოლო მონაცემებით, სულ მცირედი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები საარჩევნო უბნებში დარღვევების არსებობაზე საუბრობენ.
ბევრ მნიშვნელოვან ოლქში გამარჯვება ოპოზიციურმა "რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ" მოიპოვა. ანალიტიკოსების ერთი ნაწილის თქმით, "ერდოღანი ძველებურად ხისტი და აგრესიული აღარ არის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის დამარცხებას აღიარებს".
როგორც BBC.com-ის მიმომხილველი მარკ ლოუნი წერს, "ერდოღანმა ამ არჩევნებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწოდა, ახლა კი, მასზე გამანადგურებელი დარტყმა განხორციელდა".
მისივე თქმით, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მისმა პარტიამ თურქეთის დედაქალაქზე კონტროლი დაკარგა. ქვეყნის ეკონომიკურ ცენტრში, სტამბოლში კი, მმართველ პარტიასა და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის მხოლოდ მცირედი განსხვავებაა, ისიც რამდენიმე უბნის ხარჯზე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველი პარტია მას გადამწყვეტი 1%-ის წართმევას უპირებს, რაც ნიშნავს, რომ მათ გამარჯვებას ართმევენ. ისინი კი ამას არ დათმობენ.
"ეს პროცესები შესაძლოა თურქეთის პრეზიდენტისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს, რადგან ოპოზიციამ, რომელსაც დღემდე, ფაქტობრივად, უმნიშვნელოდ მიიჩნევდნენ, ბოლოს და ბოლოს იგრძნო, რომ ერდოღანი ყოვლისშემძლე არ არის და მათაც შეუძლიათ გამარჯვება", - წერს მარკ ლოუნი.
მომზადებულ სტატიაში აღმოსავლეთმცოდნე, ვლადიმირ ავატკოვი წერს, რომ შესაძლოა ბოლო არჩევნები თურქეთისთვის ახალი მიმართულებით წასვლის საფუძველი გახდეს.
"მნიშვნელოვანია, რომ თურქეთში არჩევნები იმაზე დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება შედეგს, ეს გამოიწვია იმან, რომ მოსახლეობა დაიღალა მმართველი პარტიისგან. ამიტომაც, თურქეთში პოლიტიკური ელიტის შეცვლის საკითხი დადგა, რამაც შესაძლოა პარტიებისა და მასთან ერთად პოლიტიკური სახეების ცვლილებაც გამოიწვიოს", - წერს რუსი ექსპერტი.
მისივე თქმით, მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მისი ავტორიტეტით, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, თუმცა მისი შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის. ოპონენტებთან სასტიკი მეთოდებით ბრძოლის მიუხედავად, ნიადაგი, რომელზეც ეგონა, რომ მყარად იდგა, არ აღმოჩნდა საკმარისად მყარი და მას მოუწევს პოლიტიკური ელიტის ლანდშაფტის შეცვლა ან ავტორიტარიზმიდან პროგრესულ დემოკრატიაზე გადასვლა.
"თურქეთს, საგარეო პოლიტიკის კუთხით, რამდენიმე მიმართულებით გარღვევა აქვს. ცვლილებების მოთხოვნისა და ამერიკის ზეწოლის ფონზე, შესაძლოა, ნეგატიური პროცესები განვითარდეს. რასაკვირველია, რუსეთსაც აქვს გავლენის რესურსი, თუმცა ადგილობრივ ამომრჩეველზე ამერიკა უკეთ მუშაობს", - წერს politanalitika.ru-ს მიმომხილველი, რომლის თქმითაც, როგორც ჩანს, მოსკოვი ერდოღანის ავტორიტეტს ზედმეტად ენდო.
რუსი ექსპერტები ჯერ შეფასებებს არ ჩქარობენ, თუმცა აღიარებენ, რომ ერდოღანის პოზიციების შესუსტება,"რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს".
ადგილობრივი ბლოგერების თქმით, ბინალ ილდიმირის აჩრდილთან მებრძოლ ერდოღანს ყველაზე მთავარი, მოსახლეობა დაავიწყდა და ამიტომაც წააგო. სახელმწიფო სააგენტო aa.com წერს, რომ მმართველი პარტია აპროტესტებს ბიულეტინების გაყალბებას სტამბოლში, თუმცა არ დავობს, რომ ანკარაში მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მეჰმეთ ოჯასეკიმ 47,06%-ით წააგო "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელ მანსურ იავასთან, რომელსაც ამომრჩველთა 50,9%-მა მისცა ხმა.
currenttime.tv 1994 წელს ერდოღანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს იხსენებს, რომელიც მაშინ სტამბოლის მერი გახდა: "ვინც, მართავს სტამბოლს, მთელ ქვეყანას მართავს". ახლა კი, ერდოღანის მშობლიურ ქალაქში მერობის კანდიდატები - ექს-პრემიერი ბინალი ილდირიმი და ოპოზიციონერი ექრემ იმამოღლუ ამორჩეველთა გადამწყვეტ 4 000 ხმაზე დავობენ.
ბოლო მონაცემებით, იმამოღლუმ 48,79% მიიღო, მისმა მეტოქემ კი - 48,51%. ოფიციალური შედეგები ჯერ კიდევ არ დადებულა.
ამასობაში, ერდოღანი მოსახლეობას ჰპირდება, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ანუ ახალ არჩევნებამდე ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. ადგილობრივი მედიის თქმით კი, პრობლემები ყველა სფეროშია: სავალუტო კრიზისი, უმუშევრობის ზრდა, ინფლაცია, - ეს არის იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთა გამოც თურქეთის არჩევნებში ასეთი შედეგი დადგა.
ადგილობრივი ბლოგერების თქმით, თუ ერდოღანი არჩევნების შედეგებს უპირობოდ არ აღიარებს, ეს ნიშნავს, რომ ის მაინც ვერ აფასებს რეალობას, ანუ ვერ ხედავს, რომ ეს შედეგი მისი ავტორიტარული მმართველობის, ასობით ათასი სამხედრო პირის, ძალოვნების, ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავების გამო მიიღო, რასაც ემატება ეკონომიკური კრიზისი. თუმცა, მოსახლეობა ასევე საუბრობს ადამიანის უფლებების მხრივ ბოლო წლებში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე.
"რელიგიური სკოლების რაოდენობის ზრდა, განათლების მიმართულების შეცვლა, სიტყვის თავისუფლების ჩახშობა... ერდოღანის მომხრეების შემცირება ყველაზე მეტად იგრძნობა ახალგაზრდა თაობაში, რომელსაც ყველაზე მწვავედ თურქული ლირის კურსის ვარდნით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა დაარტყა. გარდა ამისა, მათ სურთ ევროპა და არა, რუსულ იარაღში დახარჯული მილიარდები", - წერს გამოცემა.
მისივე ცნობით, თუ ოპოზიცია დამაჯერებლად მოიგებს იზმირში, ანკარასა და სტამბოლში, ეს ნიშნავს, რომ მათი მმართველობა თურქეთის ეკონომიკის მხოლოდ სამ ცენტრში კი არა, ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედზე, ანუ 20-ზე მეტ მილიონ მოსახლეზე გავრცელდება
ambebi.ge
No comments:
Post a Comment