Thursday, June 22, 2017

ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტზე მსჯავრდებულის ოჯახი 17-წლიანი პატიმრობის განაჩენს „აბსოლუტურად მოულოდნელად“ აფასებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტზე მსჯავრებული ალექსანდრე ინდუაშვილის ოჯახის წევრები დაკავებულისთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების გადაწყვეტილებას „აბსოლუტურად მოულოდნელად“ აფასებენ.

„გამოძიება მიმდინარეობდა ორი მუხლით, მკვლელობის მცდელობით და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით, თუმცა ვფიქრობდით, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება მოეხსნებოდა, რადგან მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. შესაბამისად, ვვარაუდობდით, რომ პატიმრობის ვადა გაცილებით ნაკლები იქნებოდა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის შვილმა ვასილ ინდუაშვილმა.

მისივე განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ განაჩენს დაკავებულის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ცეცხლის გახსნის ფაქტზე დაკავებულ ალექსანდრე ინდუაშვილს 17-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

შემთხვევა 2016 წლის 2 ოქტომბერს მოხდა, როცა ირაკლი ოქრუაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რანგში შეხვედრას მართავდა.
ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment