Monday, January 29, 2018

ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნდა „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის“ (Open Budget Survey 2017) შედეგები, რომლის თანახმადაც, საქართველომ 82 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ პოზიციით, საქართველო მოექცა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში. საქართველო რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ კატეგორიაში გადავიდა და რომლის სტანდარტსაც ბოლო კვლევით მხოლოდ 5 ქვეყანა აკმაყოფილებს მსოფლიოში. შესაბამისად, საქართველო იკავებს ადგილს საჯარო ფინანსების მართვის სფეროში განსაკუთრებული წარმატების მქონე ისეთ ქვეყნებთან ერთად როგორიცაა: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია. 
კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ორგანიზებით. გასათვალისწინებელია, რომ კვლევა ითვალისწინებს ერთი და იმავე მეთოდოლოგიით მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბიუჯეტის გამჭვირვალობის შეფასებას. ხორციელდება როგორც თითოეული ქვეყნის, ასევე მსოფლიო მასშტაბით საშუალო ქულის გამოთვლა, რაც საშულებას აძლევს ქვეყენებს, შეაფასონ მათი პროგრესი როგორც სხვა ქვეყენებთან, ისე გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში, ასევე დაინახონ განვითარების დინამიკა წინა კვლევებთან შედარებით.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევა არ ხორციელდება მთავრობის მიერ თვითშეფასების გზით და კითხვარს ავსებენ ამ მიზნით დამოუკიდებლად შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები (საქართველოს შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“). შესაბამისად, შედეგები დამოკიდებულია ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციზე.
კვლევა შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას: ბიუჯეტის გამჭვირვალობის; საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობის; ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით. 
კვლევა პირველად 2006 წელს გამოქვეყნდა და საქართველო 34 ქულით, მხოლოდ 30-ე ადგილს იკავებდა (განახლებული მეთოდოლოგიით) და მხოლოდ მინიმალურად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში იყო. საჯარო ფინანსების მართვის მიმდინარე რეფორმა ამ ეტაპზე საწყის სტადიაზე იმყოფებოდა და შემდგომი კვლევების შედეგებში, ქულები და პოზიციები ეტაპობრივად უმჯობესდებოდა და საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების რიგში იდგა 2008, 2010 და 2012 წლების კვლევებით. 
2015 წლის კვლევით, ქვეყანა პირველად გადავიდა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში და 66 ქულით, მე-16 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 109 ქვეყანას შორის
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment