Sunday, January 28, 2018

მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 6 ქვეყანა დასახელდა

მსოფლიოში არის ექვსი ქვეყანა, რომლებსაც სტაბილურად უკავიათ მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებიც სოციალური პოლიტიკის პროგრესულობას, მთავრობისადმი ნდობას და მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობას აფასებს. ამ ქვეყნების წარმატების ფორმულის გარკვევას BBC Travel-ი შეეცადა.

ეს ქვეყნებია დანია, ახალი ზელანდია, კანადა, იაპონია, ბოტსვანა და ჩილე.

გამოცემა წერს, რომ სხვადასხვა მთავრობა სხვადასხვა სტრატეგიას და ტაქტიკას ირჩევს. ამ მიდგომების ეფექტიანობა სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსებით და რეიტინგებით იზომება. ესენია, კანონის უზენაესობის ინდექსი (Rule of Law Index), რომელსაც ორგანიზაცია World Justice Project-ი ამზადებს, ან მსოფლიო ბანკის სახელმწიფო მმართველობის ხარისხის ინდექსი (Governance Index) ან სოციალური პროგრესის ინდექსი (Social Progress Index). და მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს ინდექსები სახელმწიფო საქმიანობის სხვადასხვა სფეროს ასახავს, წლიდან წლამდე ყველა რეიტინგში ყველაზე მაღალ პოზიციებს ერთი და იგივე ქვეყნები ინარჩუნებენ.   
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
დანია ამ მხრივ თავისი წარმატებული სკანდინავიელი მეზობლებისგანაც გამორჩეულია. სოციალური პროგრესის ინდექსში მას ფაქტობრივად იდეალური მაჩვენებლები აქვს. ლაპარაკია კვებაზე, მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებაზე, კომუნიკაციების და ცოდნის მთავარ სისტემებთან იოლ ხელმისაწვდომობაზე. თანაც ყველა ამ სიკეთეებით სარგებლობა არამხოლოდ დანიის მოქალაქეებს, არამედ იქ მცხოვრებ ყველა ადამიანს შეუძლია. ამასთან დანიაში მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის სისტემა უფრო ურთიერთნდობას ემყარება, ვიდრე ბიუროკრატიულ პროცედურებს.

ახალი ზელანდია და ავსტრალია რეიტინგებში თითქმის თანაბარ პოზიციებზე არიან ხოლმე, მაგრამ ახალზელანდიელები მაინც უკეთესს შეფასებებს იღებენ ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა საერთო პოლიტიკური სტაბილურობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და ძალადობა/ტერორიზმის არარსებობა. ამ ქვეყნის სოციალური სისტემა ითვალისწინებს მარტოხელა მშობლების, ბავშვების, სტუდენტების და მოხუცი მოქალაქეების გულუხვ მხარდაჭერას.

კანადა და თავისი მეზობელი ამერიკის შეერთებული შტატები ამ ინდექსებში ჩვეულებრივ მოწინავე ადგილებზე არიან, მაგრამ კანადას უკეთესი შეფასებები აქვს პოლიტიკური სტაბილურობის და ძალადობა/ტერორიზმის არარსებობის მხრივ. კანადის რეიტინგები ფაქტობრივად ძალიან ახლოსაა სკანდინავიური ქვეყნების იდეალურ მაჩვენებლებთან. სპეციალისტების თქმით, ღირებულებების თვალსაზირისით ეს ქვეყანა თავის სამხრეთელ მეზობელზე მეტად პროგრესულია: აქ იშვიათად შეხვდებით აბორტზე ქალის უფლების ან ლგბტ თემის წევრთა უფლებების ღია მოწინააღმდეგეებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანადელები გულუბრყვილოები და სუსტები არიან და მათით მანიპულირება იოლია. მათ სამართლიანობის გამძაფრებული განცდა აქვთ და ძალიან ფხიზლად აფასებენ ქვეყანაში ჩასული სხვა ქვეყნის მოქალაქეების საქციელს.

იაპონია ლიდერია აზიურ ქვეყნებს შორის სახელმწიფო მმართველობის ხარისხის, კანონის უზენაესობის, პოლიტიკური სტაბილურობის და სოციალური პროგრესის რეიტინგებში. სამედიცინო დაზღვევა აქ საყოველთაოა, ეფუძნება შემოსავლის მოცულობას და ხელფასიდან იქვითება. მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ ექიმს ნებისმიერ დროს მიმართონ და არსებობს სამედიცინო ხარჯის ზედა ზღვარი, რომელზე მეტსაც იაპონელი არ გადაიხდის. იაპონური სახელმწიფოს კიდევ ერთი სიძლიერე განათლების სისტემაა: საწყისი და საშუალო განათლება აქ სავალდებულოა, იაპონური სკოლების რეპუტაცია მსოფლიოში - მაღალი.

ბოტსვანა საერთაშორისო რეიტინგებში ყოველთვის მაღალ პოზიციებზეა, როგორც აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანად მართული სახელმწიფო. ყოველთვის აღნიშნავენ ამ ქვეყანაში კორუფციის დაბალ დონეს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ასევე სახელმწიფოს შემოსავლები ალმასების მოპოვებიდან იქ საზოგადოების ყველა ფენას და რეგიონებს შორის სამართლიანადაა გადანაწილებული. ქვეყანა გამორჩეულია სამოქალაქო უფლებების დაცვის მაღალი დონით, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აისახება. ქვეყნის მშპ-ში ტურიზმის წილი 12%-ა. ის ცნობილია თავისი ნაკრძალებით და ბუნებრივი რეზერვებით. ბოტსვანაში აფრიკის მასშტაბით ბრაკონიერობასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო სამსახურია.

ჩილე პოლიტიკურად სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყანაა, სადაც კორუფციის დონე დაბალია, ხოლო სახელმწიფოს მმართველობა გამჭვირვალე. სამედიცინო დაზღვევა აქაც საკმაოდ იაფი და ეფექტიანია, მაგრამ ქვეყნის მთავარი ძლიერი მხარე განვითარებული ინფრასტრუქტურაა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment