Friday, January 26, 2018

მაჩალიკაშვილის ოჯახი სუსის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის უდანაშაულობის აღიარებას და დაზარალებულად ცნობას ითხოვს. როგორც მან განაცხადა, სუსის უფროსი ვახტანგ გომელაური და სპეცრაზმი აუცილებლად უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. 
„ჩემი მოთხოვნაა, რომ ჩემს შვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, მოშორდეს ეს ლაქა და დაღი, რომელიც დაადეს. აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. ასევე გადადგეს გომელაურის ეს კლანი თავისი სპეცრაზმით. მერე მთელი ეს ბანდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლების მისამართით პანკისელების საგანგებო მიმართვას იზიარებს და ის მთავარ პროკურორთან შეხვედრას და არსებულ კითხვებზე პასუხებს მოითხოვს. მისივე თქმით, ოჯახს ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებიდან არავინ დაკავშირებია.
როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუსის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრასაც ითხოვდა.
პანკისის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნება შოთაძე პირადად ჩავიდეს ხეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროკურატურაში თავად გეგმავენ ჩასვლას. უხუცესების განცხადებით, გამოძიება ჭიანურდება და არსებულ კითხვებს მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაეცეს პასუხი.
თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.
სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment