თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ „თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდა. 18 ივნისს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე 3 000-ამდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა, ხოლო ხვალ საყოველთაო რეგისტრაციისთვის 11000-ზე მეტი ადგილია დარჩენილი.
„რეგისტრაციის მსურველები უნდა შევიდნენ kids.org.ge-ზე, სადაც გახსნიან აპლიკაციას და მისი შევსების შედეგად დაარეგისტრირებენ ბავშვს. რაც შეეხება ადგილებს, წელს საერთო ჯამში 15 000-მდე ადგილი გვაქვს. წინა წელთან შედარებით ადგილების რაოდენობა 3 000-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, იქმნება თუ არა საიტზე ტექნიკური პრობლემები, რის გამოც მშობლები რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებენ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს გარკვეულ უბნებში მდებარე ბაღებზე მაღალი მოთხოვნით არის გამოწვეული.
„არის ბაღები, სადაც მოთხოვნა მაღალია, თუმცა ბაღი ყველას ვერ დააკმაყოფილებს. ეს ბაღებია ძირითადად საბურთალოზე, ვაკის რაიონში, ჩუღურეთში და ა.შ. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება სწორედ ეს უკმაყოფილება. როცა არის 300 - ადგილიანი ბაღი, იქ 500 ბავშვს ვერ მივიღებთ. ასე რომ, ეს ტექნიკური პრობლემა არ არის“, - განაცხადა გვანცელაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე თითო ჯგუფში საშუალოდ 45 ბავშვია გათვალისწინებული.
ჯგუფში გადატვირთულობის პრობლემასთან დაკავშირებით გვანცელაძემ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ აღსაზრდელთა რაოდენობა ჯგუფში 45-ს გადააჭარბებს, მისი თქმით, გაიზრდება აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების რაოდენობა.
„პირდაპირ გეტყვით, რომ ვმუშაობთ გადატვირთულობის საკითხზე. ამისათვის ვაშენებთ ახალ კორპუსებსა და ახალ ბაღებს. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც ბევრი ბავშვია ჯგუფში, იქ ჩვენ ამის საშუალებას აუცილებლად გვაძლევს სივრცე და ამასთანავე ვამატებთ აღმზრდელებს და აღმზრდელის თანაშემწეებს. ასეთ დროს მხოლოდ ორი აღმზრდელი არ არის ჩართული სააღმზრდელო პროცესში“, - განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მისი ინფორმაციით, 9 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, ორ ბაგა–ბაღს კი ახალი თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება. გვანცელაძის თქმით, მომავალ წელს კიდევ 10 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე, 18 ივნისს რეგისტრაცია გაიარეს სოციალურად დაუცველმა 100 000 -ზე დაბალი ქულის მქონე ოჯახების შვილებმა, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებმა იმ ოჯახის ბავშვებმა, რომელთა დედმამიშვილები სკოლამდელ დაწესებულებაში უკვე არიან დარეგისტირებული და ასევე 2015 წლის 13–14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებმა.
ipn.ge
No comments:
Post a Comment