პროგრამისტი და სტარტაპ Renly-ის დამფუძნებელი იბრაჰიმ დიალო თავის ბლოგზე იმის შესახებ წერს, თუ როგორ დაკარგა ერთი წლის წინ სამსახური.
როგორც დიალო წერს, ის 8 თვის განმავლობაში ერთ-ერთ მსხვილ, ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობდა (სადაც 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს), რომლისთვისაც პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობდა. მისი თქმით, ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ერთ დღეს უფროსისგან უცნაური წერილი არ მიიღო: "ღმერთო ჩემო, ხომ კარგად ხარ?" - სწერდა უფროსი.
მაშინ დიალომ ჩათვალა, რომ მის უფროს ადრესატი შეეშალა. იმავე დღეს ის სამსახურში ვერ შევიდა, რადგან საშვი აღარ მუშაობდა, შენობის დაცვის ნაცნობმა თანამშრომელმა დიალო საკუთარი საშვით გაატარა. მან კადრების განყოფილებას მიმართა, რათა მომხდარი გაერკვია. კადრების განყოფილებაში უთხრეს, რომ "უცნაური წერილი მიიღეს" და საკითხში გაერკვეოდნენ. ამ დღემ იბრაჰიმ დიალოსთვის ჩვეულებრივად ჩაიარა.
ასეთი ამბავი მას მეორე დღესაც დაემართა. კომპანიის ხელმძღვანელი პირებიდან არავინ იცოდა რა ხდებოდა, მესამე დღეს კი დაცვამ დიალოს ნივთების შეგროვება და შენობის დატოვება მოსთხოვა.
საბოლოოდ გაირკვა, რომ კომპიუტერული მენეჯერის პროგრამამ არ განაახლა კომპანიასა და დიალოს შორის გაფორმებული ხელშკერულება. სისტემამ ჩათვალა, რომ დიალო აღარ მუშაობდა კომპანიაში და შესაბამისად გააუქმა მისი ყველა ექაუნთი, რაც შენობაში მიმოსვლისთვის სჭირდებოდა.
პრობლემის გადაჭრა მხოლოდ სამი კვირის შემდეგ შეძლეს - როდესაც დიალოსთან სრულიად ახალი კონტრაქტი გაფორმდა. მთელი ამ დროის განმავლობაში კი მას მრავალმილიონიან პროექტზე მუშაობის საშუალება არ ჰქონდა, რადგან სისტემისგან დაბლოკილი იყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment