ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინეს.
„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები,"- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე.
2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება. ინსპექტირება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ. ან მეტია.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ტექინსპექტირების გავლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი. თემაზე ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვა კი შესაძლებელია ვებგვერდზე pti.ge. მოქმედებს ცხელი ხაზიც – 1484.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment