Sunday, October 7, 2018

ბოსნია-ჰერცოგოვინაში საყოველთაო არჩევნები იმართება

ბოსნია-ჰერცოგოვინაში ამომრჩეველი კანტონების, საარჩევნო სუბიექტების, ეროვნული პარლამენტისა და საპრეზიდენტო საბჭოს წევრების ახალ შემადგენლობას ირჩევს. ამის შესახებ BBC წერს
არჩევნებში დაახლოებით 3.35 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას. 518 სავარძლისთვის 7498 კანდიდატი იბრძვის. ქვეყნის კომპლექსური საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე მთლიანობაში 5 პრეზიდენტსა და 14 პრემიერმინისტრს აირჩევენ. 
1995 წლის 14 დეკემბრის დეიტონის შეთანხმების შემდეგ ბოსნია-ჰერცოგოვინაში არჩევნები მერვედ იმართება და ეროვნული პარლამენტის გარდა ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციის, სერბეთის რესპუბლიკის და ბოსნია-ჰერცოგოვინას 10 კანტონის პარლამენტის წევრებს ირჩევენ. 
არჩევნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 19:00 საათზე დაიხურება. 
ბოსნია და ჰერცოგოვინა ორი ნაწილისგან - ბოსნია-ჰერცოგოვინას ფედერაციისა და სერბეთის რესპუბლიკისგან შედგება. სამართლებრივად დამოუკიდებელ წარმონაქმნების ერთობას მინისტრთა საბჭო და პრეზიდიუმი მართავს. სისტემა ბოსნიელი მუსლიმების, სერბებისა და ხორვატების ინტერესების დასაცავად არის შექმნილი,
1995 წელს ეთნიკურ ჯგუფებს შორის სამწლიანი ომი დასრულდა და დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment