გორის მეშვიდე საჯარო სკოლაში, დირექტორის მოადგილის მხრიდან მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა საქმის შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ შესაბამისს მასალების აგროვებენ და კომიტეტის გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. სკოლის დირექტორი დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
დისციპლინური კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მეშვიდე საჯარო სკოლის წინააღმდეგ, პირველკლასელი მოსწავლის დედა ახალ ბრალდებებს აჟღერებს. 6 წლის ბიჭის მშობელი ამტკიცებს, რომ სკოლიდან მისი შვილის გარიცხვას გეგმავენ და ამისათვის დაწესებულებაში შესაბამისი დოკუმენტიც შეიმუშავეს. ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მისი შვილის კლასელების იმ მშობლებმა მიაწოდეს, რომლებმაც განცხადებაზე ხელი არ მოაწერეს.
„ეს ისეთი ბრალდებაა, რომ ამაზე არც შეიძლება კომენტარის გაკეთება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სკოლას ამის უფლება არ აქვს. ქალი, როგორც თავად აცხადებს, ბრძანდება იურისტი და მინდა, რომ კარგად წაიკითხოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მეორე თავი, რაც ეხება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის უფლებებსა და თავისუფლებებს“, – აცხადებს დირექტორი.
სკოლის ხელმძღვანელის ეს განცხადება მიუღებელია მეშვიდე სკოლის მოსწავლის მშობლისთვის. იგი ამტკიცებს, რომ სკოლიდან მისი შვილის გარიცხვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დირექტორის მოადგილე ბავშვზე ძალადობაში დაადანაშაულა. მაშინ სკოლის სასწავლო ნაწილმა ბრალდებები უარყო და თქვა, რომ ბავშვზე არ უძალადია და მშობელი ცრუობდა.
რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სკოლის დისციპლინური კომიტეტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაირკვევა. პირველკლასელი ბიჭის დედა დირექტორის მოადგილის დასჯასა და სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს. რაც შეეხება მშობლის ახალ ბრალდებებს, სავარაუდოდ, დისციპლინური წარმოება ამ საკითხზეც დაიწყება.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment