Wednesday, April 3, 2019

პროკურატურა განმარტავს, რატომ არ ცნო ია კერზაიას შვილი დაზარალებულად

ვიდრე ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, მისი რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ამ ეტაპზე  გამოიკითხა ოცდაათამდე მოწმე, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა. დათვალიერდა ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა. ასევე ჩატარდა სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე  მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე  ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზის და სხვა გარემოებების დასადგენად.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე, სრულყოფილად ტარდება ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას", - წერია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით,   გენპროკურატურამ გამოძიება 11 თებერვალს დაიწყო. ამ სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა.  
ოჯახის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ის ინსპექტირების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment