Thursday, June 8, 2017

არაავტორიზებული სასწავლო დაწესებულებები შესაძლოა დაიხუროს

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა, არაავტორიზებულმა სასწავლო დაწესებულებებმა ფუნქციონირება საკუთარი ნებით ან/და კანონის ძალით შეწყვიტონ.

აქამდე არსებული ნორმა არაავტორიზებულ სასწავლებელს სანქციას მხოლოდ დიპლომის გაცემის დროს უწესებდა. ცვლილებების მიხედვით კი ეს მთელ სასწავლო პროცესს შეეხება. კანონში ზუსტდება ჩანაწერი, რომელის მიხედვითაც არაავტორიზებული სასწავლო დაწესებულებების მხრიდან მოქალაქეების მოტყუება ან შეცდომაში შეყვანა დასჯადი ქმედება გახდება.

ახალი რეგულაციის ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. პარლამენტში შეტანილი პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 192 პრიმა მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება:
“ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე, ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება და/ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელის სახელის გამოყენება შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე – ისჯება კანონით”.

აქამდე არსებული ნორმა, კანონის ინიციატორების განმარტებით, თავიდანვე “მკვდრად შობილ” აქტად იყო ჩამოყალიბებული, შესაბამისად საჭირო გახდა კანონში რეგულაციის დახვეწა.

როგორც საკითხის მომხსენებელი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, აქამდე ადგილი ჰქონდა არაავტორიზებული სასწავლებლების მიერ მოქალაქეების მოტყუებას, რადგან ისინი სტუდენტებს კურსის დასრულების შემდეგ არ აძლევდნენ დაპირებულ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.

„როცა სასწავლებელი კანონგარეშე საქმიანობას ახორციელებს, სანქციები დაწესებული უნდა იყოს დასაწყისშივე, რადგან მოქალაქეები თავიდანვე არ იყვნენ შეცდომაში შეყვანილები. ძალიან ხშირად შეცდომაში შეჰყავდათ აბიტურიენტები, რომ მათ ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით შეეძლოთ უმაღლეს საგანმანათლებოლო დაწესებულებაში მოხვედრა. 4 წელი სწავლობდნენ შეცდომაში შეყვანილი აბიტურიენტები ამ სასწავლებელში და ამის შემდეგ ხვდებოდნენ რომ მოტყუვდნენ, მაშინ როცა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს ვერ იღებდნენ. კანონის ამოქმედების შემდეგ, ასეთი საქმიანობა და მთელი სასწავლო პროცესისას ამის გამოვლენა, იქნება დასჯადი“, – განგვიცხადა გიგაურმა.

ინიციატივა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა. ცენტრის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ნინო ბეგიაშვილის განცხადებით, ახალი ნორმის მიზანია მოხდეს ეფექტური მექანიზმის დანერგვა არაავტორიზებულ  რეჟიმში საქმიანობის საწინააღმდეგოდ.

„არსებული ჩანაწერი ვერ ფარავდა იმ გამოწვევებს, რაც ამ მიმართულებით არსებობს. ასეთი ფაქტების გამოვლენა, იდენტიფიცირება და დასჯა იქნება შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. დღევანდელი ცვლილების მიხედვით, უკანონო საქმიანობა დაუკავშირდება არა უშუალოდ დიპლომის გაცემას, არამედ მთელ სასწავლო პროცესს. ასეთი ცვლილებების მიღება იქნება პრევენციის საშუალება, ერთის მხრივ არსებულ შემთხვევებზე რეაგირების თვალსაზრისით და ასევე, პრევენცია იმის, რომ მსგავსი კერები არ გაჩნდეს“, – განუცხადა ნინო ბეგიაშვილმა EDU.ARIS.GE-ს.

მისივე თქმით, სტუდენტი, რომელიც ასეთ არაავტორიზებულ სასწავლებელში ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით მოხვდა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის მიღებას მხოლოდ სასწავლებელის მიერ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში შეძლებს. თუმცა, თავად სტუდენტმა ავტორიზებულ რეჟიმში უნდა აიღოს საჭირო კრედიტების რაოდენობა, ყველა სხვა წელი, რომელიც იქნება არაავტორიზებული სასწავლებლის სტატუსით, არაა საკმარისი სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის ასაღებად.

ჯარიმას, რომელსაც კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლი არეგულირებს და ის მოსამართლის გადაწყვეტილებით სხვადასხვა ოდენობის შეიძლება იყოს. მინიმალური ზღვარი კი 2000 ლარია.
ინიციატივა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
edu.aris.ge 

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment