Thursday, June 8, 2017

მოწმე: გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები ციხეში პრივილეგიებით სარგებლობდნენ

დათა ახალაიას სასამართლო პროცესის დღევანდელ სხდომაზე მოწმეებმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნაზე ისაუბრეს.
სასჯელაღსრულების მეათე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ყოფილმა უფროსმა, რამაზ ჭოხონელიძემ განაცხადა, რომ "კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დაწესებულებაში შესახლებამდე გარემონტდა 4 ოთახი, რომლებიც კონდიციონერ-მაცივარ-ტელევიზორებით და სხვა ტექნიკით მოეწყო, გაკეთდა ცალკე შესასვლელი. მისი თქმით, 4-ივე მსჯავრდებულს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება შეეძლოთ, ღამის საათებში მათთან შედიოდნენ ახლობლები და მეგობრები, მათ შორის - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი ბაჩო ახალაია. მათთან შედიოდა ალკოჰოლური სასმელიც. 2008 წლის ომის დროს მსჯავრდებულებმა დაწესებულება დატოვეს. ისინი გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა, დავით ჩხიტუნიძემ გაიყვანა".
დღეს დაიკითხა ყოფილი პატიმარი გიორგი მუხიგულაშვილი. ის ავჭალის ციხეში 2007 წლის 30 ივნისს გადაიყვანეს და ზონის მზარეული იყო. მისი თქმით, "მსჯავრდებულებს მობილური ტელეფონები და ინტერნეტი ჰქონდათ".
დათა ახალაიაზე ძებნაა გამოცხადებული.
საქმეზე სასჯელს იხდიან შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრები. საქმეში ფიგურირებს მიხეილ სააკაშვილიც, მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს შეიწყალა. ისინი დაპატიმრებიდან 3 წლის და 9 თვის შემდეგ გაათავისუფლეს.
2011 წელს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მოსარჩელე მხარისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.
2015 წელს პრეზიდენტმა გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე, გარდაცვალების შემდეგ, თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.
სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანაში მოკლეს.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment