სირიიდან იტყობინებიან, რომ დამასკოს გარეუბანში, გუტაში, სახელისუფლებო არმიამ ქლორის გაზი გამოიყენა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აქტივისტების ცნობით, გუტის რაიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სარაკეტო იერიშის შემდეგ ტერიტორიაზე გაზის სუნი გავრცელდა. ექიმების ცნობით, ადგილობრივ კლინიკას დახმარებისთვის ექვსმა ადამიანმა მიმართა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლიდან გუტის რაიონში რუსეთისა და სირიის არმიის მიერ 400 ათასამდე ადამიანი ალყაშია მოქცეული. გაერო იქ არსებულ მდგომარეობას "კატასტროფულს" უწოდებს.
Al Jazeera კი წერს, რომ რუსეთისა და სირიის არმიის ერთობლივი ავიადარტყმების დროს ბოლო ორი კვირის განმავლობაში 180-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
2017 წელს დასავლეთ გუტა რუსეთის, თურქეთისა და ირანის მიერ დეესკალაციის ზონად გამოცხადდა. ამის მიუხედავად, რაიონი მუდმივად ხვდება ავიადარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ.
4 იანვარს დამასკოში რუსეთის საჰაერო ავიადარტყმებს სულ ცოტა 30 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. გარდაცვლილებს შორის 11 ქალი და ერთი ბავშვია.
სირიის კრიზისი ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრე შეიარაღებულ ძალებსა და ოპოზიციას შორის 2011 წელს დაიწყო.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment