ევროპული საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცეპრემიერ მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ საგარეო მიმართულებით ხელისუფლება მავნებლურ ნაბიჯებს დგას, რაც აზარალებს ქვეყნის უსაფრთხოებას.
,,ახლა, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი საჯაროდ გვთავაზობს მხარდაჭერას და თანამშრომლობას, რომ საქართველოს პრობლემა იქცეს საერთაშორისო სანქციების ნაწილი, ჩვენ ვისმენთ ერთი შეხედვით უშინაარსო და უაზრო კომენტარს, მაგრამ რეალურად აბსოლუტურად საზიანო, მავნებლურ და უპასუხისმგებლო განცხადებას და შეურაცხყოფას ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიმართ. ”ევროპული საქართველო” საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს, რომ საზოგადოებას განუმარტოს, რატომ დგამს ხელისუფლება მავნებლურ ნაბიჯებს ქვეყნის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭიროა, რომ რუსეთის აგრესია იყოს რაც შეიძლება დიდი ყურადღების ქვეშ თავისუფალი სამყაროს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აუცილებელია, რომ ეს პრობლემა იყოს იმ პრეტენზიების ნაწილი, რასაც თავისუფალი სამყარო უყენებს რუსეთს. ამის შანსი გაჩნდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ, როდესაც თავისუფალმა სამყარომ უკეთ დაინახა რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი. მაშინ ”ქართული ოცნების” მთავრობამ არა თუ არ იმუშავა ამისთვის, შეიძლება ითქვას, რომ საწინააღმდეგოდ ნაბიჯები გადადგა’', - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გარდა ამისა, ევროპულ საქართველოს შეკითხვები აქვს პრემიერმინისტრთანაც.
"გვაინტერესებს ამაზე პრემიერის კომენტარი, როგორ აფასებს საკუთარი მინისტრის პოზიციას და რა არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პოზიცია?! ევროპული საქართველო ვთავაზობთ და მოვითხოვთ საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომ გვითხრას ნებისმიერი დღე, როდესაც სცალია, მობრძანდეს პარლამენტში და საზოგადოებას განუმარტოს - რატომ დგამს ყოველ დღე ჩვენი ხელისუფლება ნაბიჯებს ქვეყნის დღევანდელი და გრძელვადიანი ინტერესების და უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ’’, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment