Monday, October 15, 2018

მწვანე კონცხზე ორი ცათამბჯენის მშენებლობაზე კითხვები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც აქვს

მწვანე კონცხზე ორი 27-სართულიანი ცათამბჯენის შესაძლო მშენებლობის შესახებ, რომლის გამოც ტერიტორიას რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეეცვალა, შეკითხვები აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს თორნიკე რიჟვაძესაც აქვს. ამის შესახებ მან "აჭარის ტელევიზიას" განუცხადა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია. "ჩვენთვის, პოლიტიკური გუნდისთვის ქალაქის ინტერესი მნიშვნელოვანია. კითხვები გვაქვს ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ მწვანე კონცხზე ორი 27-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას ითხოვს. სექტემბერში ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ამ თემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მწვანე კონცხს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ახლა განუვითარებელია. ლაშა კომახიძე ფიქრობს, რომ ცათამბჯენენის აშენებაში ცუდი არაფერია.
კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპს“, რომელიც რეკრეაციულ ზონაში ცათამბჯენების აშენებას გეგმავს, გასული წლის სექტემბერში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 366 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მწვანე კონცხზე პირდაპირ მიყიდვის წესითა და ინვესტიციის განხორციელების პირობით 931 000 ლარად გადაეცა. კომპანიამ ოთხმილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. კომპანია კერძო პირმა ქონების შესყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა. 
განკარგულებას ხელი მოაწერა მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. გასხვისებამდე ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება იყო.
7 ოქტომბერს ბათუმში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ცათამბჯენების მშენებლობა გააპროტესტეს და მერიისგან იერსახის შენარჩუნება, ისტორიული ზონის საზღვრების დადგენა და ნებისმიერი სახის მშენებლობის დემონტაჟი მოითხოვეს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment