საპარლამენტო უმრავლესობა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობით გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ვერ ენდობა და საჭიროა, რომ შეკითხვებს პასუხი გამოძიებამ გასცეს.
"გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე რა ფაბრიკაციებიც მოვისმინეთ, "რუსთავი 2"-სგან, გუშინ გავრცელებული ჩანაწერების იდენტობა კითხვას აჩენს და მის მიმართ ნდობა ვერ მექნება. ყველასთვის ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისათვის მიუღებელია ის მეთოდები, რაც ჩანაწერებში ისმის. ვერ წარმომიდგენია ის, რაზეც არის საუბარი. კითხვებზე პასუხი გამოძიებისგან უნდა მივიღოთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე ფიქრობს, რომ აუდიოჩანაწერებზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის ხომ არ არის ჩანაწერი სპეციალურად გაკეთებული.
"შეიძლება იყოს გამიზნულად ჩაწერილი, შეიძლება - არა. მე ვერც ერთს ვერ დავამტკიცებ. გამოსავალი იქნება ის, რომ გამოძიებამ დეტალურად გასცეს ამ კითხვებს პასუხები. მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ ეს საქმე, ყველანაირ რაკურსში", - განაცხადა სოფიო კილაძემ.
აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, საგამოძიებო მოქმედებები 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.
საქმე ეხება რუსთავი2-ის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერს. ტელეკომპანიის მტკიცებით, მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში: ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამაა. დანაშაულის ჩადენის დროს ის მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა ამ ფაქტის გამო თანამდებობა მალევე დატოვა. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა სუბელიანს ბრალდებულების სასარგებლოდ საქმეში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას ითხოვდა.
9 ივნისს მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment