Friday, October 12, 2018

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი დღე საქართველოს ეთმობა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი დღე საქართველოს ეთმობა. სავაჭრო დღე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
მთავრობის მეთაურს ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიხილ რათჰიმ უმასპინძლა. ბახტაძის განცხადებით, მსოფლიოს ყველა კუთხიდან წარმოდგენილ მსხვილ ინვესტორებს შეეძლებათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.
„ეს იყო ძალიან კარგი საშუალება ჩვენთვის, ინვესტორებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და იმ ამბიციური გეგმების შესახებ, რომლებიც გვაქვს, რათა საქართველო რეგიონულ ცენტრად ვაქციოთ. ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით და ამასთან ერთად, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უახლოეს წლებში მეტი ქართული კომპანია ვიხილოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოვახდინოთ საქართველოს უფრო ეფექტური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და, აქედან გამომდინარე, ასეთ პლატფორმებსა და მსგავს საფონდო ბირჟებზე ჩვენი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს კონფერენცია „საქართველო – ინვესტორთა დღე” იმართება. კომპანია Galt&Taggart-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 130 მსხვილი საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. ასევე, საქართველოს მაკროეკონომიკის შესახებ პრეზენტაცია გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment