13-14 ოქტომბერს თბილისში აღარ გაიმართება „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ მიერ ორგანიზებული და „გორჩაკოვის ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი:„სახალხო დიპლომატია - კომპრომისების დიალოგი.“ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
„საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ განცხადებით, ფორუმის მომზადების პროცესში წააწყდნენ ორგანიზატორების მიმართ არამოტივირებულ აგრესიას ცალკეული პირების და მედიის მხრიდან, რაც მათი აზრითც მიმართულია ღონისძიების ჩაშლისკენ. ამავე ორგანიზაციის მტკიცებით, სოციალურ ქსელებში მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.
„საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ განცხადებითვე, რამდენიმე ტელეკომპანიამ ფორუმის შესახებ მოამზადა სიუჟეტები, რომლებშიც ხშირად იყო გამოყენებული მცდარი ინფორმაცია, ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ კი სცადა ფორუმის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისთვის.
ფორუმის მხარდამჭერი "გორჩაკოვის ფონდი" 2010 წელს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტ მედვედევის ბრძანებით შექმნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის "რბილი ძალის" გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
თბილისში 5 სექტემბერს ვლადიმერ პუტინის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმი დაიწყო.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევისთვის, 4 სექტემბერს საქართველოში არ შემოუშვეს ფორუმის სამი მონაწილე - რუსული სააგენტოს, „ტასის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი, „რუსული საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს“ ხელმძღვანელი გენადი ბორდიუგოვი და ტელეკომპანია „ენტევეს“ ჟურნალისტი ალექსანდრ ტოკარევი. ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტ დარიალზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, ალან კასაევს უთხრეს უარი
imedinews.ge

No comments:
Post a Comment