თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიამ მორიგი რეკომენდაციები გამოსცა. ინფორმაციას იუსტიციის სამინსიტრო ავრცელებს.
რეკომენდაციის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:
„პოლიტიკურმა პარტიებმა გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა აქტივისტებმა თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისგან კონტრაგიტაციის, შეფასებების გაკეთების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, მათ შორის, წარმოდგენილ კანდიდატებთან მიმართებით გამოხატული სიძულვილის ენის გამოყენებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე, თუნდაც, სიტყვიერი დაპირისპირება, და კანდიდატებმა შეფერხების გარეშე შეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი.
ბ) პოლიტიკურმა პარტიებმა გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ აქტივისტებს/წარმომადგენლებს კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა. აუცილებელია, მსგავსი ხასიათის დარღვევების გამოვლენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გაატარონ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
გ) იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა კანდიდატი უზრუნველყონ თანაბარი პირობებით, განათავსონ ბეჭდური სააგიტაციო მასალა, პოლიტიკურმა პარტიებმა თბილისის მასშტაბით იმოქმედონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №16-38 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად, რომლის თანახმადაც, სააგიტაციო მასალისთვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
დ) ადგილობრივ დონეზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციებით დაწესებული ვალდებულებები და მათ შესრულებაზე კონტროლი, რათა ადგილობრივ დონეზე თანაბარი პირობებით შეძლონ პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა მათი კანდიდატების სააგიტაციო მასალის განთავსება“, - ნათქვამია რეკომედაციაში.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების შესახებ დაწერა და საზოგადოებას მათი დასჯისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, გვარამიამ მორიგი პოსტი ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგების შესახებ გამოაქვეყნა.
„ძირს ჩაჩავას კლინიკის ნაძირალა მეან-გინეკოლოგები, მასიურად რომ გადაწყვიტეს მოღალატე ზურაბიშვილის დონორობა“,- დაწერა გვარამიამ.
სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩებს ნიკა გვარამიას პოსტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
8 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორის ნიკა გვარამიას Facebook-პოსტი გააკრიტიკა და თქვა, რომ ნიკა გვარამიას განცხადება ხელმოცარული ფაშისტის განცხადებაა. კობახიძემ არასამთავრობო სექტორიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო არასამთავრობო სექტორის იდეა ზიანდება.
9 ოქტომბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ უწყებათაშორისი კომისია დატოვა.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია 21 ივნისს შეიქმნა. კომისიამ მუშაობა პირველი ივლისიდან დაიწყო. 20 სექტემბრის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ კომისია წინასაარჩევნო დარღვევებზე არ რეაგირებდა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment